ინფიცირებულთა რაოდენობამ იკლო და ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობა შემცირდება - ნინო ნიჟარაძე

08 იანვარი 2021, 11:49 1106 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რეგიონში ახალი შემთხვევების კლების პარალელურად მიმდინარეობს კლინიკების მუშაობის ძველ რეჟიმზე დაბრუნება და ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობის შემცირება. 

ნინო ნიჟარაძე ასევე ამბობს, რომ შემცირდა კოვიდსასტუმროების რიცხვიც. ამ ეტაპზე სამი სასტუმროა კოვიდმართვის პროცესში ჩართული, მათ შორის ერთი უკვე დახურვის რეჟიმშია. 

რაც შეეხება სამედიცინო პერსონალს, ისინი სარეზერვო ჯგუფში გადავლენ და საჭიროების შემთხვევაში იმუშავებენ. 

მინისტრი ამბობს, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს პარალელურად, ჰიბრიდულ რეჟიმში კიდევ 8 კლინიკა იმუშავებს. ისინი მოემსახურებიან როგორც კოვიდ ინფიცირებულ პაციენტებს, ასევე სხვა პირებსაც. 

''ამ ეტაპზე კლინიკებში და ზოგადად კოვიდსასტუმროებში, ასევე ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იკლო ინფიცირებულთა რაოდენობამ, შესაბამისად ამან მოიტანა, იმის საჭიროება რომ შეგვემცირებია ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობა, რომელიც მობილიზებული იყო კოვიდინფექციაზე.  ჩვენ გვაქვს დემობილიზაციის გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა მცირე დატვირთვით მომუშავე კლინიკების დემობილიზაციას, ანუ ისინი ჩვეულებრივ დაუბრუნდებიან თავიანთ მრავალპროფილურ რეჟიმს. 

ამ ეტაპზე რვა კლინიკაა, რომელიც ჰიბრიდულ რეჟიმში მუშაობს. ესენი იღებენ, როგორ კოვიდ ინფიცირებულ პაციენტებს ასევე  სხვადასხვა პროფილის პაციენტებსაც. ის რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო რჩება კოვიდ ცენტრად დღეს და მომდევნო პერიოდში, ეს ნათელია.

ზოგადად რადგან კოვიდ ვირუსი ჩვენს რეალობაში იქნება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ამიტომ ყველა კლინიკას ექნება სამზადისი და ინფექციური კონტროლის ღონისძიებები. ისინი იქნებიან მუდმივ მზადყოფნაში პაციენტების მისაღებად. 

ის სამედიცინო პერსონალი, რომელიც იყო მობილიზებული სასტუმროებში, იქნებიან რეზერვის ჯგუფებში და თუ კი საჭიროება გაჩნდება, მოხდება მობილიზება. ამ ინტენსივობის საჭიროებას ნამდვილად აღარ ვპროგნოზირებთ.

გასული 24 საათის განმავლობაში გვქონდა კოვიდინფიცირების 47 შემთხვევა. შემთხვევების რაოდენობა არის მკვეთრად შემცირებული. ეს პირდაპირ კავშირშია შემზღუდავი ღონისძიებების გამკაცრებასთან და აგრეთვე სადღესასწაულო დღეებში, მოსახლეობის მიმართვიანობის შემცირებასთან. ამ პერიოდში ტესტების რაოდენობა შედარებით ნაკლები იყო, თუმცა შიგადაშიგ გვქონდა არანაკლებ 1700 ტესტისა''- ამბობს ნიჟარაძე.ჯანდაცვის

მინისტრის განცხადებით, ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე მყარი პროგნოზის გაკეთება ​ჯერ-ჯერობით რთულია და სპეციალისტები სიტუაციას უახლოესი ორი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან. 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში