პოლიციამ ფონიჭალაში 3 ნარკორეალიზატორი დააკავა - ბრალდებულებს მძიმე დანაშაულში ჩართული ჰყავდათ მცირეწლოვანი ბავშვი

27 აპრილი 2021, 17:10 1049 ნახვა

პოლიციამ ფონიჭალაში 3 ნარკორეალიზატორი დააკავა.

მათ ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.ა.-მ, ნ.გ.-მ და ნ.კ.-მ წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით გადაინაწილეს როლები და ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ასაღებდნენ.

გეგმის მიხედვით, ა.ა. ნარკოტიკული საშუალებების შემძენ პირებთან კომუნიკაციას ამყარებდა, ხოლო ერთი ოჯახის ორი წევრი - ნ. გ. და ნ. კ. დათქმულ ადგილზე მყიდველისთვის ნარკოტიკული საშუალების მიწოდებას და ფულის მიღებას უზრუნველყოფდნენ. მათ დანაშაულებრივ საქმიანობაში ასევე ჩართული ჰყავდათ მცირეწლოვანი ბავშვი.

არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით მოხდა საქმეში სოციალური სამსახურისა და ყველა სხვა შესაბამისი უწყების ჩართვა.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში