დარწმუნებული ვარ, მეუფე ანტონი ამას განიცდის და ნანობს - მეუფე დიმიტრი ძალადობაზე

10 მაისი 2021, 14:05 2098 ნახვა

''საერთოდ ძალადობა ყოვლად დასაგმობია, ეს ცხადზე უცხადესია'' - ასე გამოეხმაურა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, რომელიც სასულიერო პირების მხრიდან გახშირებულ ძალადობის ფაქტებს ეხებოდა. 

მეუფე დიმიტრიმ განაცხადა, რომ ამ ყველაფერს პროვოკაციული ელფერი დასდევს. საუბარია, ვანისა და ბაღდათის ეპისკოპოს ანტონის მიერ, „მთავარი არხის“ ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტზე. 

''თავისთავად არ იყო ეს ყველაფერი ლამაზი. დარწმუნებული ვარ, რომ მეუფე ანტონი ამას განიცდის და ნანობს. საერთოდ, რაც ხდება ამ ბოლო პერიოდში ძალიან რთული აღსაქმელია და მოსასმენია ყველაფერი, მაგრამ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი, ის, რომ ამ ყველაფერს გარკვეულწილად ცოტა პროვოკაციული ელფერი დასდევს'' - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ. 

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა გარეჯში მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა. 

''თუნდაც გარეჯის ინციდენტს გამოვეხმაურები: როდესაც შენ იცი, ბატონი მელაშვილი მყავს მხედველობაში, რომ არის გარეჯელი ბერების ხსენების დღე, იცი, რომ იქ იქნება ჩასული აუარებელი მომლოცველი, ისიც ცხადია, რომ შენი ხელის მოწერის შემდეგ იმ კომისიის, როგორც თავმჯდომარის, იმ სალოცავში არავინ აღარ უშვებს, არც მომლოცველებს და არც მოძღვრებს. შენ ჩადიხარ რბილად, რომ ვთქვა ზედმეტად მოჭარბებული კრიტიკის ტელევიზიასთან ერთად, იცი, რომ იქ შესაძლებელია მოხდეს უსიამოვნება აი, ამ დღეს. გარკვეულწილად, მე ვფიქრობ, რომ ამასაც პროვოკაციის ელფერი დასდევს''- ამბობს მეუფე დიმიტრი. 

"მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს და ჟურნალისტ ნინუცა კეკელიას თავს დაესხნენ დავით გარეჯში, სადაც ივერი მელაშვილთან ერთად სიუჟეტის გადაღება მიმდინარეობდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში