ვითარება ახლო აღმოსავლეთში

17 მაისი 2021, 11:50 979 ნახვა

ერთი კვირაა გრძელდება დაპირისპირება ღაზის სექტორში. ღაზიდან ისრაელის ქალაქების მიმართულებით კვირას საღამოს 7:00 საათიდან ორშაბათს დილის 7:00 საათამდე პერიოდში კიდევ 60 რაკეტა ისროლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გასროლილი რაკეტებიდან 10 ღაზის ტერიტორიაზევე ჩამოვარდა, იმ რაკეტებიდან კი, რომელმაც ისრაელში შეაღწია, უმეტესობა გაანეიტრალეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰამასის“ გვირაბი გაანადგურა, რომელიც საბავშვო ბაღის ახლოს მდებარეობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ღაზის სექტორში ავიაიერიში „ჰამასის“ ცხრა მეთაურის სახლებზე მიიტანეს. პარალელურად აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ეგვიპტისა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბრებში იმსჯელა. როგორც ცნობილი ხდება საუბარი შეეხო ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის აღდგენის მნიშვნელობას და ისლამური ქვეყნების დიდ როლს ამ პროცესში.

გიორგი მიქელაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში