ყველა საერთაშორისო მეთოდი უნდა გამოვიყენოთ, რათა ვაიძულოთ რუსეთის ფედერაცია შეასრულოს საერთაშორისო სამართლის ნორმები - ანდჟეი დუდა

27 მაისი 2021, 12:32 791 ნახვა

ორბელიანების სასახლეში ანდჟეი დუდასა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა დასრულდა.

პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, ყველა საერთაშორისო მეთოდი უნდა გამოვიყენოთ, რათა ვაიძულოთ რუსეთის ფედერაცია შეასრულოს საერთაშორისო სამართლის ნორმები.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დუდამ ადმინისტრაციულ ხაზთან არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა, რომელიც გუშინ პირადად მოინახულა.

„იქ დავინახე ის, რაც ყველა პოლიტიკოსმა უნდა ნახოს. არა მხოლოდ ევროკავშირიდან, არამედ ნატოს ყველა წევრი სახელმწიფოდან, რომ ნახონ როგორია რეალობა, რას ნიშნავს თანამედროვე რუსული პოლიტიკა, რაში გამოიხატება ის და რა ინსტრუმენტებს ხმარობს ის თავის პოლიტიკაში.

ეს არის დატოვებული სახლები, ეს არის ადმინისტრაციული ხაზის გადაკვეთის შესაძლებლობის ნაკლებობა, რაც ტრაგედიას წარმოადგენს იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. ვიცით, რომ ახლა საერთოდ აკრძალულია ამ ხაზის გადაკვეთა, ოჯახის წევრებთანაც კი. მე ვიყავი იმ ადგილას, საიდანაც ჩანს რუსული შტაბ-ბინა, სამხედრო ერთეულები. ეს არის ექვსპუნქტიანი შეთანხმების აშკარა დარღვევა, რომელიც გულისხმობს რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანას საქართველოს ტერიტორიიდან“, - განაცხადა ანდჟეი დუდამ.

მისივე განცხადებით, პოლონეთის ხელისუფლება მზადაა გაუზიაროს საქართველოს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში