საქართველო მშვიდობიანობის ათწლიანი პროგრესით მსოფლიოში მეორე ადგილზეა - პრემიერი

11 ივლისი 2022, 14:31 731 ნახვა

საქართველო მთავრობის კეთილსინდისიერების 2022 წლის ინდექსით, მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში დაწინაურდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის სახელმწიფოს კეთილსინდისიერების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 32-ე ადგილზე გავიდა.

„მინდა, საზოგადოებას რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავაცნო. რამდენიმე ხნის წინ, გამოქვეყნდა განახლებული ინდექსები მმართველობის, კეთილსინდისიერების ინდექსები, რომლებიც შემუშავებულია მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციის და ვაშინგტონის, შეიძლება ითქვას, პირველი ანალიტიკური ცენტრის, „ჰერითეიჯ ფაუნდეიშენის“ გამოკვლევით. საქართველო მთავრობის კეთილსინდისიერების 2022 წლის ინდექსით მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში დაწინაურდა. მეორე არის ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის სახელმწიფოს კეთილსინდისიერების ინდექსი, ამის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 32-ე ადგილზე გავიდა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ესტონეთის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღრაიბაშვილის განცხადებით, ეს მაჩვენებელი საქართველოს მტავრობის მუშაობის შედეგია.

პრემიერის განმარტებით, გლობალური მშვიდობის 2022 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო მშვიდობიანობის 10-წლიანი პროგრესით მსოფლიოში არის მეორე ადგილზე, ინდექსის სრული ისტორიული გაუმჯობესებით კი მსოფლიოში პირველ ადგილზე დასახელდა.

„მინდა ვთქვა, რომ ესეც ძალიან სერიოზული აღიარებაა. ამ შემთხვევაში 163 ქვეყანა მონაწილეობდა და ჩვენი ქვეყნის მეორე ადგილზე დასახელება მართლაც არის აღიარება იმ სწორი, გონივრული და ეროვნული პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენი მთავრობა უკვე 10 წელია ატარებს ჩვენი ხალხის ინტერესების დასაცავად. შედარებისთვის, მინდა გავიხსენო, რომ 2012 წელს ამ რეიტინგებში ჩვენი ქვეყანა, საუბედუროდ, უკანასკნელ ოცეულში იყო. ანუ, უხეშად რომ თქვათ, 163 ქვეყანაში დაახლოებით 143-ე ადგილზე. აი ამხელა პროგრესი გვაქვს სწორედ ბატონ ბიძინა ივანიშვილის და მის მიერ დატოვებული გუნდის - „ქართული ოცნების“ სწორი პოლიტიკის შედეგად“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში