თბილისის საქალაქო სასამართლო სოსო გოგაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

18 ივლისი 2022, 14:44 846 ნახვა

სოსო გოგაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო მსჯელობს. რამდენიმე წუთის წინ, მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და სხდომა დაიხურა. 

სხდომის დახურვამდე ყოფილმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ დაკავების სპეცოპერაციის დროს, დაირღვა საპროცესო ნორმები და სამართალდამცველები ძალადობაში დაადანაშაულა. 

გოგაშვილმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა, მის სახლში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე. 

„ღამის ორ საათზე, ჩვენს სახლში მოხდა შემოჭრა. ეს არ მომხდარა წესების დაცვით, ან გაფრთხილებით. მე მათ განვუმარტე, რომ მცირეწლოვანი ბავშვები მყავდა - 4 წლის შვილიშვილი და 10 წლის შვილი. ვუთხარი, უკან ოთახში გავიყვან და გაგიღებთ კარს-თქო. მათ გააგრძელეს კარების შემონგრევა... იქ არის ორი კარი, პირველი დონის და მეორე დონის. მეორე დონის კარები გავუღე და კიბეებზე უნდა ამოსულიყვნენ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები. ამ დროს, ეს კარები ფეთქდება, ესენი შემოდიან, მე კარებს ვაღებ და ვეუბნები, არ შემოანგრიონ. მე და ჩემი შვილი ვიდექით იქ. ისინი დაუყოვნებლივ გვაკავებენ მეც და ჩემს შვილსაც, მათ ამის უფლება არ ჰქონდათ, მათ ჰქონდათ განჩინება ჩხრეკაზე. ძალადობრივი მეთოდებით იყო ჩვენი დაკავება. ნიკას  ადებენ პლასტმასის ბორკილებს და მეც. 5-5 კაცი, ზემოდან მუხლებით გვახრჩობს...

ხდება ჩვენი, ჩემი და ჩემი შვილის მიწაზე დაფიქსირება, ამ დროს ხდება სახლში შეჭრა, ჩემი მეუღლის ტერორის ქვეშ ყოფნა, ფიზიკური შეურაცხყოფა და თმებით თრევა. ამავდროულად, ჩემი შვილი იწყებს ღებინებას სტრესის ფონზე, 4 წლის შვილიშვილი უნებლიე შარდვას. არავის არაფერი არ ესმის.

ჩვენ მიწაზე ვართ გართხმული, ამ დროს ხელები მაქვს ამობრუნებული და ვგრძნობ რკინის შეხებას. გამოცდილება მაქვს, ვიცე-პოლკოვნიკი ვარ უსაფრთხოების, ვიცი რასაც აკეთებენ, ხელზე მახებენ იარაღს, რომელიც შემდეგ უნდა ჩადონ. თვიდან ვერ მივხვდი, რა იარაღი იყო, ვერ დავინახე. როდესაც ვიგრძენი რასაც აკეთებდნენ, ვეცადე ხელები გამეთავისუფლებინა. ამ დროს გვერდით გავიხედე და ვინც ამას აკეთებდა ვიცანი - ეს იყო გენინსპექციის დირექტორის მოადგილე, გიორგი ღამბაშიძე. ბიჭო რას აკეთებ დავუძახე. ამის შემდეგ, მან მთელი ძალით ამომარტყა ყბაში წიხლი, შემდეგ დედის მისამართით შევაგინე. როგორც კი შევაგინე, გიორგი ღამბაშიძეს ხელში ეჭირა ლულით პატარა იარაღი, მარცხენა მხარეზე ვინც იარაღს მისვამდა, ის დიდი ავტომატი იყო. ამას რომ შევაგინე, იმან ფერდში მომარტყა. 2 დღეა ვეუბნები, გადამიღეთ ექოსკოპია და რენტგენი-თქო და არ გადამიღეს. ძალიან ძლიერი ტკივილი ვიგრძენი...

დღეს ისტორიული ფაქტის მოწმეები ვართ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკს პასუხისგებაში აძლევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ბრალდებას უყენებს პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების, ოღონდ რუსეთის სპეცსამსახურების აგენტების ჩივილის შედეგად. ამაში უნდათ ჩართონ სასამართლო და დისკრედიტაცია მოახდინონ სასამართლოსიც...

დღეს ისტორიული დღეა, მე, ვიცე-პოლკოვნიკს, ჩემი ქვეყანა მიყენებს ბრალს იმის გამო, რომ ვამხილე რუსეთის ჯაშუში, რომელიც პატრიარქის გადაგდებას ცდილობდა. მე ამის უფლება კი არა, ვალდებულება მაქვს კონსტიტუციურად განსაზღვრული, რომ ეს გავაკეთო.

ჩემს მიმართ იყო არაადამიანური, არასათანადო მოპყრობა. ჩემი ოჯახის წევრების წამება, არასრუწლოვანი ბავშვების უდიდესი სტრესის ქვეშ ყოფნა. ოთხი საათი სასწრაფო არ გამოიძახეს. მომექცნენ როგორც უკანასკნელ ტერორისტს. ადვოკატთანაც არ დამარეკინეს, ყველა ტელეფონი ჩამოგვართვეს.

ბოლო შეურაცხყოფა, რაც ვიგრძენი, იყო, აქ როდესაც მომიყვანეს ჩემმა ყოფილმა თანამშრომლებმა, კრიმინალებთან ერთად სადღაც სოროში ვიყავი, სადაც არც ჰაერი იყო, კედლებზე ეწერა რაღაც უბედურებები. ასე არ უნდა ხდებოდეს, სახელმწიფო მოხელეებს ასე არ უნდა ექცეოდნენ.

მოგმართავთ თქვენ, პროკურორებს, უნდა გრცხვენოდეთ, იმის ნაცვლად, რომ მიცავდეთ და ჩემთან ერთად იღებდეთ ინფორმაციას მართლა ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებებზე და მე ვეხმარებოდე სასამართლოს, ამ დროს არც კი აღნიშნავთ იმ დარღვევებს, რომელიც ჩემ მიმართ განხორციელდა “,- განაცხადა გოგაშვილმა.

სოსო გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.


 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში