01 ივლ 2026
პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრაქტიკულად გასამმაგებული მაჩვენებლები აქვს ორგანიზებულ დანაშაულთან და ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, განსაკუთრებით აღსანიშნავია კიბერდანაშაულთან ბრძოლის, თაღლითობის გამოვლენის მზარდი მაჩვენებელი და არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოს ეფექტიანი მუშაობა.
„რაც შეეხება თავად პროკურატურას, ამ შემთხვევაში ქვეყანას აქვს ასევე შთამბეჭდავი შედეგები. მაგალითად, მხოლოდ ფულის გათეთრების ფაქტებზე ამოღებული და დაყადაღებული აქტივების ღირებულება 200 მილიონ ლარზე, ხოლო კონფისკაციას დაქვემდებარებული აქტივები – 75 მილიონ ლარზე მეტია. ამ დანაშაულებზე სახელმწიფოსთვის და 170 დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი უკვე ანაზღაურებულია.
გაზრდილი პოზიტიური შედეგებია ყველა მიმართულებით. პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრაქტიკულად გასამმაგებული მაჩვენებლები აქვს ორგანიზებულ დანაშაულთან და ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის თვალსაზრისით.
პროკურატურის მიღწევებზე საუბრისას, ასევე, განსაკუთრებით აღსანიშნავია კიბერდანაშაულთან ბრძოლის, თაღლითობის გამოვლენის მზარდი მაჩვენებელი და არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოს ეფექტიანი მუშაობა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, განსაკუთრებით შთამბეჭდავი შედეგები აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს. მხოლოდ, ბოლო ორ თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც კი.
„ამ პერიოდის განმავლობაში, შსს-მ დააკავა და პასუხისგებაში მისცა 100-მდე პირი ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებულ დანაშაულებზე. უწყება, სამართალდამცავი სისტემის ახალი მიდგომის შესაბამისად, დანაშაულის გახსნისა და გამოვლენის პარალელურად, განსაკუთრებული წარმატებით მუშაობს დანაშაულის პრევენციაზე ე.წ. რეალურ დროში, რისი შედეგებიც უკვე აშკარად შესამჩნევი ხდება. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმატებული ბრძოლა არასრულწლოვნების ტრეფიკინგის წინააღმდეგ. მოგეხსენებათ, დღეს ამასთან დაკავშირებით იყო კიდევ ერთი ბრიფინგი. უმძიმესი სანახავია ბრალდებულების მხრიდან საკუთარი არასრულწლოვანი შვილების ტრეფიკინგის დანაშაულებრივ სქემაში ჩართვა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო მსგავსი დანაშაულის მაქსიმალურ პრევენციასაც უზრუნველყოფს. ბოლო დღეებში, უპრეცედენტოდ მასშტაბური საქმე გახსნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმაც, რომელიც სააფთიაქო ნარკომანიის წლების განმავლობაში აწყობილ დანაშაულებრივ სქემას შეეხებოდა“, – აღნიშნა მდინარაძემ.