გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიული მკურნალობა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში გადავიდა

13 სექტემბერი 2022, 18:31 221 ნახვა

გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიული მკურნალობა რეფერალიდან, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში გადავიდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების მიზანია, ბენეფიციარებმა, ამ სერვისით, კიდევ უფრო მარტივად და სწრაფად ისარგებლონ.

უწყების ცბნობით, პროგრამის მიხედვით, 18 წლამდე პირებისა და მიზნობრივი ჯგუფებისათვის, მომსახურება 100%-ით ფინანსდება. შესაბამისად, მათ არანაირი დამატებითი თანხის გადახდა არ უწევთ. გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიული მკურნალობა 90%-ით უნაზღაურდებათ საპენსიო ასაკის მოსახლეობას, საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამის მონაწილე სხვა ბენეფიციარებს კი – 70%-ით. როგორც მედიასთან შეხვედრისას, ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მ/შ ეკა ადამიამ აღნიშნა, ისინი, საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ თანადაფინანსების კონკრეტულ წილს გადაიხდიან და ნებისმიერი სხვა დამატებითი გადასახადისგან თავისუფალია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურის განცხადებით, სამწუხაროდ, იყო შემთხვევები, როდესაც კლინიკებმა, პაციენტებს, გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიული მკურნალობისას, მიღებული დაფინანსების გარდა, დამატებითი თანხები გადაახდევინეს, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით, მოქალაქეების ინფორმირება.

„თუ მსგავს შემთხვევას ექნება ადგილი, გთხოვთ, მოგვმართოთ ჯანდაცვის სამინისტროში. რეგულირების სააგენტო აუცილებლად შეისწავლის ამ საკითხს. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, დაჯარიმდება დაწესებულება, განმეორების შემთხვევაში კი, შესაძლოა, მისი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გამოთიშვის საკითხიც დადგეს“, – აღნიშნა ილია ღუდუშაურმა.

თანდაყოლილი გულის მანკების ქირურგიული მკურნალობა ორ მიმართულებას მოიცავს – კათეტერიზაცია და ქირურგია. პირველის შემთხვევაში ოპერაციების ღირებულება 2 065-დან 10 406 ლარამდეა, მეორე შემთხვევაში კი – 7 331-დან 47 720-ლარამდე.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში გადასვლის შემდეგ, უკვე ჩატარდა 125 თანდაყოლილი გულის მანკების გეგმური თუ გადაუდებელი ოპერაცია. მათში, ჯამურად, მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი