საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფებოდა. მიხეილ სარჯველაძემ, ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულებისადმი მიძღვნილ რეგიონულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიების მიზანი, ბავშვთა უფლებების დასაცავად, ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება, საუკეთესო პრაქტიკების ჩამოყალიბება და ერთობლივი სტრატეგიების შემუშავებაა. კონფერენციაზე მინისტრი სიტყვით გამოვიდა. უწყების ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ, საქართველოს მიერ, ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, როგორც გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის ხელმომწერი ქვეყანა, საქართველო ნერგავს ბავშვთა უფლებებზე მორგებულ და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიდგომებს, რომლებიც მიმართულია პრევენციისა და სწრაფი რეაგირების უზრუნველყოფისკენ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ 2019 წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც აერთიანებს ბავშვთა უფლებების შესახებ კანონმდებლობას, კრძალავს ძალადობის ყველა ფორმას და პასუხობს ონლაინ ძალადობის მზარდ გამოწვევებს. მისივე თქმით, რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების დროულად იდენტიფიცირებისა და დახმარებისთვის საქართველო მუშაობს სოციალური მუშაკების ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე