"დაგვიბრუნეთ ჩვენი წინაპრების მიწები" - აქცია ქობულეთში

12 ოქტომბერი 2022, 13:05 866 ნახვა

"დაგვიბრუნეთ ჩვენი წინაპრების მიწები" - ამ სლოგანით ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში, მოსახლეობა აქციას მართავს.

აქციის მონაწილეები, ბობოყვათში, ზღვასთან ახლოს მდებარე  მიწების გასხვისებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მათი მიწები უკანონოდ გაასხვისეს და ისინი ინვესტორთან შეხვედრას ითხოვენ.

პროტესტის მონაწილეებმა "ქართული ოცნების" ოფისის წინ გადაინაცვლეს და დემონსტრაციულად დაწვეს პლაკატები, რომელზეც გამოსახული იყო საქართველოს ეკონომიკის მინისტრის და ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ფოტოები. აქციის მონაწილეები მათ ქონების გასხვისებას ედავებიან.

აქციის მონაწილეებთან იმყოფება უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, რომელიც ამბობს, რომ ხელისუფლებას გონივრული ვადა მისცეს,  მათ პირობა არ შეასრულეს და არ წამოვიდნენ არანაირ კომპრომისზე. აცხადებენ რომ, დღეიდან აქციებს სისტემური სახე მიეცემა. მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტრომ ხალხის მიწები უკანონოდ გაასხვისა.

აქციაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

აქციის მონაწილეები მერიის წინ იმყოფებოდნენ და ქობულეთის მერთან შეხვედრას ითხოვდნენ, მერი პროტესტის მონაწილეებს არ შეხვდა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დათმობას არ აპირებენ და უახლოეს პერიოდში აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს შენობაში გააგრძელებენ პროტესტს.

ქონების ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში კომპანია შპს „შავი ზღვის სამოთხე 1“ - ზე გასხვისდა 199,441 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნაგებობები, აგრეთვე 45 - წლიანი იჯარით გადაეცა მომიჯნავედ მდებარე სანაპირო ზოლი. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით.

მათივე განმარტებით, პრივატიზების შედეგად, ბიუჯეტში მობილიზებული იქნა 26,695,736 ლარი, რაც შეეხება იჯარას, წლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 215,031 ლარით.

სააგენტოში აცხადებენ, რომ მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და საუბარი იმაზე, რომ პრივატიზებული მიწა კერძო საკუთრებას წარმოადგენდა, არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

"პროექტის თანახმად, ინვესტორმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში ტურისტული კომპლექსი უნდა ააშენოს და ამისთვის არანაკლებ 40 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელოს. ვფიქრობთ, პროექტი მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტისთვის, ისე აჭარის რეგიონისთვის, რომელიც შეიძენს კიდევ ერთ ტურისტული მიზიდულობის ცენტრს, მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსს, სადაც, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება", - აცხადებენ ქონების ეროვნულ სააგენტოში.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში