გონიოში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება - ირაკლი ღარიბაშვილი

12 დეკემბერი 2022, 14:59 2895 ნახვა

ჩვენ ვგეგმავთ მსხვილი დეველოპერული პროექტების შეთავაზებას ინვესტორებისთვის, ვამზადებთ ამ პროექტს, გონიოში გამოიკვეთა რამდენიმე ინვესტორი და ეს გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გონიოში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება. ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლების სურვილია გონიოში ახალი დასახლების შექმნა, რომელიც შესაძლოა გახდეს ფინანსური ცენტრიც.

"ვგეგმავთ მსხვილი პროექტების შეთავაზებას ინვესტორებისთვის. გონიოში გვინდა, რომ აშენდეს რეალურად ახალი ქალაქი, შეიძლება იყოს ფინანსური ცენტრიც, გოლფის მოედნები, ვილები და გვინდა, ძალიან მნიშვნელოვანი ახალი დასახლება შეიქმნას გონიოში,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა განმარტა, იგეგმება ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილების განახლება - რეაბილიტაციაც.

"ტურიზმის მიმართულებით, ამ ეტაპზე, 200 მილიონი გამოიყოფა. გვინდა 8-10 ლოკაცია შევარჩიოთ. ყველაზე პოპულარული ადგილები შევარჩიეთ - ბორჯომი, ბაკურიანი, ყაზბეგი, ბათუმი, თბილისი, წყალტუბო და ა.შ. და გვინდა, რომ დავიწყოთ სრული ურბანული განახლება-რეაბილიტაციის პროექტები. დეტალურ გეგმას რამდენიმე ხანში წარმოგიდგენთ,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მთელი ქვეყნის გენგეგმაზე, რომ აღარ იყოს ქაოტური განვითარება.

"ჩვენ ყველა ქალაქის გენგეგმას გავამზადებთ. ლევან დავითაშვილის უწყება აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. გვინდა, რომ ჩამოვიყვანოთ მაგარი კომპანიები, ყველაზე წარმატებული უცხოური ევროპული კომპანიები, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას ჩვენს ქართულ კომპანიებთან ერთად. დაიდება ერთხელ და სამუდამოდ მთელი ქვეყნის განვითარების გეგმა, ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში