დღეს ჩვენ ვნახეთ მორიგი სიმულაცია, თუმცა, როგორც ჩანს, ამასაც სჭირდება ნიჭი და ეს იყო ძალიან უნიჭო სიმულაცია - კობახიძე

22 დეკემბერი 2022, 14:29 625 ნახვა

დღეს ვნახეთ მორიგი სიმულაცია, როგორც ჩანს, სიმულაციასაც სჭირდება ნიჭი და ეს იყო ძალიან უნიჭო სიმულაცია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა სასამართლო პროცესზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვას.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ვერც ერთი დიაგნოზი ვერ გამოაქვეყნეს, რაც ადასტურებს, რომ სააკაშვილის მხრიდან არის ცალსახა სიმულაცია.

"რაც შეეხება სააკაშვილის ვიზუალს, არაფრით არ განსხვავდება იმ კადრებისგან, რაც რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა იუსტიციის სამინისტრომ. სააკაშვილი არის შერჩევით კვებაზე, რამაც გამოიწვია წონაში კლება. მას აქვს გაკეთებული კუჭის ოპერაცია, რამაც გამოიწვია ასევე წონაში კლება. ეს არის ერთადერთი, რასაც ვიზუალიდან ვხედავთ.

რაც შეეხება სამედიცინო ჩვენებებს, ეს უნდა იყოს დადასტურებული დიაგნოზით. ვერც ერთი დიაგნოზი ვერ გამოაქვეყნეს, რაც იმას ადასტურებს, რომ არის ცალსახა სიმულაცია და უნიჭო სიმულაცია, მათ შორის, რაც დღეს ვიხილეთ. როცა საქმე ეხება რაიმე სამართლებრივ პრიცედურას, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს შესაბამისმა უწყებამ სამართლებრივი კრიტერიუმებით და კრიტერიუმია დიაგნოზი. არავითარი დიაგნოზი არ აქვთ. რაღაც მონაცემები ამერიკაში გააგზავნეს და იქიდან მანიპულირებული მონაცემები ჩამოვიდა. სინამდვილეში, არავითარი მოწამვლა არ ყოფილა. მთელ მსოფლიოში დაატრიალეს სტატიებ​ი, რომ ვითომ, სააკაშვილი მოწამლულია. მაგრამ გაირკვა, რომ იგივე დასკვნის თანახმად, მოწამვლა არ არის. ფონს გასვლას ასეთი მანიპულაციებით და ფეიკებით ცდილობენ. კადრები ნახეთ, მასზე სამედიცინო პერსონალი როგორ ზრუნავს, მიუხედავად იმისა, რომ მისი მხრიდან უღირსი დამოკიდებულებაა სამედიცინო პერსონალის მიმართ.

პატიმარს როგორი მძიმე დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი, ზრუნვის პასუხისმგებლობა აქვს სახელმწიფოს და ამას აკეთებს სწორედ იუსტიციის სამინისტრო“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში