აუხსნელია, რატომ იფარებდა ევროპის ქვეყნები სააკაშვილს, კეზერაშვილს, ადეიშვილს, ვერ ვხვდები, დამნაშავისთვის ხელის დაფარება რომელ ევროპულ ღირებულებაში წერია - პაპუაშვილი 

28 თებერვალი 2023, 16:34 546 ნახვა

ჩემთვის აუხსნელია, რატომ იფარებდა ევროპის ესა თუ ის ქვეყანა მიხეილ სააკაშვილს, ასევე აუხსნელია, დღემდე რატომ იფარებენ ევროკავშირის წევრი თუ არაწევრი ქვეყნები დავით კეზერაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი წლების განმავლობაში იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებაში, მას ხელს ართმევდნენ, დერეფნებში დაატარებდნენ და ის საქართველოში ოპოზიციურ დღის წესრიგს მართავდა, როგორც უკრაინის მოქალაქე და მაღალჩინოსანი.

"ერთი რამ უნდა ითქვას, ამას გეტყვით როგორც საქართველოს მოქალაქე. 2018 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილს მესამე ინსტანციით მიესაჯა სასჯელი, ეს ადამიანი თავისუფლად გადაადგილდებოდა ევროპაში. ის დადიოდა მათ შორის ბრიუსელის კორიდორებში. ჩვენ მაშინ ვამბობდით, რომ ხელის დაფარება დამნაშავისთვის ახალისებს მას, რათა არიოს სიტუაცია საქართველოში. გვახსოვს, რომ იმ პერიოდში, ოთხი-ხუთი წელი, ვიდრე შემოიპარებოდა საქართველოში, თავისუფლად გადაადგილდებოდა, თავისუფლად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებაში, სისხლის სამართლის დამნაშავეს ხელს ართმევდნენ, ესაუბრებოდნენ და ატარებდნენ კორიდორებში, ის იქიდან და სხვადასხვა ქალაქიდან ერთვებოდა სხვადასხვა ტელევიზიის პირდაპირ ეთერებში, პირდაპირ მართავდა ოპოზიციის პოლიტიკურ დღის წესრიგს საქართველოში, როგორც უკრაინის მოქალაქე და მათ შორის მაღალჩინოსანი. ყოველ ჯერზე, ჩვენ ამაზე ვეუბნებოდით ყველას, რომ ეს საქართველოს ხალხის წინააღმდეგ არის, როდესაც დამნაშავე შეფარებულია, მათ შორის ევროპის ზოგიერთ ქვეყანას და არ ხდება მისი გადმოცემა საქართველოსთვის. რასაც ჩვენ ვაფრთხილებდით, ეს ახდა.

ეს ადამიანი შემოიპარა და რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები, არავინ იცის, ამ შენობაში დღეს რა იქნებოდა, ქუჩაში რა იქნებოდა, ვისი ტანკი იდგებოდა და რა არეულობა იქნებოდა ქვეყანაში. ჩვენ გადაგვარჩინა ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა. სამწუხაროდ, ევროპამ მაშინ, იმით, რომ დამნაშავე შეფარებული ჰყავდა, ჩვენ მიგვიყვანა იმ წითელ ზღვრამდე, სადაც შეიძლება, ყოფილიყო სამოქალაქო არეულობა",- აღნიშნა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს იგივე შეცდომა დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით მეორდება, რომლებიც ასევე თავისუფლად გადაადგილდებიან ევროპაში და მათთან ბრიუსელსა და სტრასბურგში მაღალ მატერიებზე საუბრობენ.

"დღეს იგივე შეცდომის გამეორება ხდება. ვხედავთ, რომ კეზერაშვილი თავისუფლად გადააადგილდება ევროპაში, ზურაბ ადეიშვილი თავისუფლად გადაადგილდება ევროპაში. თავის დროზე, ბრიუსელში რომ იღებდნენ მიხეილ სააკაშვილს, სისხლის სამართლის დამნაშავეს, სტრასბურგში, ევროსაბჭოში რომ იღებდნენ ზურაბ ადეიშვილს და მასზე საუბრობენ მაღალ მატერიებზე, დავით კეზერაშვილს როდესაც იღებენ სხვადასხვა დედაქალაქში და საუბრობენ მაღალ მატერიებზე, სამი დამნაშავე, რომელმაც საქართველოში შექმნა გულაგების სისტემა, ადამიანის წამების, ღირსების აყრისა და ჩაგვრის სისტემა რომ შექმნა, ეს ადამიანები, ერთი – შეფარებული ჰყავდათ ამ ქვეყნებს და ჩვენ წკიპზე გადავრჩით, რომ ამ ქვეყანაში არეულობა არ მომხდარიყო, თორემ ამისთვის ლამის განწირული ვიყავით. დღესაც, სულ მცირე, ორ ადამიანს, ზურაბ ადეიშვილს და დავით კეზერაშვილს იფარებს. ამიტომ ვამბობ როგორც საქართველოს მოქალაქე, რომ თუკი რაიმე პროტესტი არის განსაცხადებელი, ჩვენ უნდა ვაცხადებდეთ პროტესტს, თავისუფლად რატომ დაიარებიან დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი ევროპის დედაქალაქების ქუჩებში. მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი დამნაშავე გადმოეცეს საქართველოს. პირდაპირ ვხედავთ და დავით კეზერაშვილიც აღიარებს, რომ ჩართულია პოლიტიკაში. ადამიანი, რომელმაც 5 მილიონი ევრო მოპარა ჯარისკაცებს, ეს ადამიანი შეფარებულია ევროპის რომელიღაც ქვეყანას და არ ხდება მისი გადმოცემა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში