ჩვენი მიზანია, რომ დავიცვათ ჩვენი დემოკრატია რადიკალი, ექსტრემისტი, ანტიკონსტიტუციური ძალებისგან - პაპუაშვილი „ნაცმოძრაობის“ აკრძალვაზე

16 ოქტომბერი 2025, 11:31 109 ნახვა

მიზანი არის ძალიან ცხადი და ყველა ქვეყანა, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ იყოს დემოკრატია, ზრუნავს, ჰქონდეს თავდაცვისუნარიანი დემოკრატია, რაც გულისხმობს, რომ დემოკრატიულ პროცესში არ არის ადგილი ანტიდემოკრატიული, დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის, ეს არის მთავარი არსი თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სურვილი თუ არის, რომ ქართული დემოკრატია განვითარდეს, არ უნდა დარჩეს სივრცე რადიკალი, ანტიკონსტირუციური ძალებისთვის.

„სწორედ ამას ემსახურება საკონსტიტუციო სარჩელი, რომლის უკანაც დგას 1 120 000 ამომრჩეველი, რომელმაც შარშან არჩევნებში ზუსტად ამ იდეას დაუჭირა მხარი. ამის შემდეგ ჩატარდა ძალიან სიღრმისეული საპარლამენტო გამოძიება, რომელმაც რამდენიმე თვე იმუშავა. 450-გვერდიანი ანგარიში შეიმუშავა კომისიამ, რომლის საფუძველზეც პარლამენტმა მიიღო დადგენილება და შეაფასა სრულად ერთი მხრივ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი და მეორე მხრივ, 2012 წლიდან მოყოლებული მასთან ერთად პოლიტიკურ ალიანსში მყოფი ძალების პოლიტიკური დანაშაულები, დანაშაული ჩვენი კონსტიტუციის წინააღმდეგ. ამიტომ, მიზანი არის ზუსტად ეს, რომ დავიცვათ ჩვენი დემოკრატია რადიკალი, ექსტრემისტი, ანტიკონსტირუციური ძალებისგან. ექსტრემისტები არიან ექსტრემისტები და რამდენიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის თავი უკვე დააყენა დემოკრატიული ოპოზიციის ზღვარს მიღმა იმით, რომ არ მონაწილეობდა არჩევნებში, აპირებდა 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობას. ასე რომ, „ნაციონალური მოძრაობა“ მასთან ალიანსში მყოფი სხვა მსგავსი ჯგუფები არ არიან ოპოზიცია, ესენი არიან ექსტრემისტული, ანტიკონსტიტუციური, რადიკალი ჯგუფები.

ჩვენი მიზანი არის, რომ სარჩელით, რომლის უკანაც დგას 1 120 000 ადამიანი მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ეს ჩვენი ჩვენი, მათ შორის ვალდებულებაა, რომლის უკანაც დგას ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი და შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ განსაჯოს, ვის რა ეკუთვნის, ვის რა არ ეკუთვნის, ვინ რა დაარღვია, ან არ დაარღვია. ყველას მოგიწოდებთ, წაიკითხოთ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის 450-გვერდიანი დასკვნა ან გაიხსენოთ კომისიის მუშაობა, კადრები და ყველა კარგად ამოიკითხავს დასკვნაშიც და ის, ვინც თვალს ადევნებდა საგამოძიებო კომისიის მუშაობას, ყველა ძალიან კარგად ხედავდა, თუ რა შედეგამდე მივიდა საგამოძიებო კომისია, რომელ პოლიტიკურ ჯგუფებთან რა პრეტენზიები არსებობს. რატომ ვფიქრობთ, რომ კონსტიტუცია დაარღვია ამა თუ იმ პოლიტიკურმა ჯგუფმა. რაც შეეხება კონკრეტულ პარტიებს, ჩვენს სარჩელში წარდგენილ პრეტენზიებს, ამას უახლოეს რამდენიმე დღეში იხილავთ, როდესაც სარჩელი შევა საკონსტიტუციო სასამართლოში და გასაჯაროვდება“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში