ჯანდაცვის სექტორისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი თითქმის მილიარდ ნახევარი გახდა, რაც ძალიან დიდი პროგრესია - ირაკლი ღარიბაშვილი

27 მარტი 2023, 11:54 393 ნახვა

2012 წლამდე პრაქტიკულად არ არსებობდა პრევენციული პროგრამები, წარმოუდგენელი იყო იგივე C ჰეპატიტის მკურნალობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღების შესაძლებლობა მხოლოდ ერთეულ პაციენტებს, ისიც კერძო დაფინანსებით ჰქონდათ და ძალიან ბევრი გამოწვევა არსებობდა ამ სექტორში.

"ჩვენს მოქალაქეებს, ყველას კარგად მოგეხსენებათ, უწევდათ საკუთარი სახლის, ავტომობილის გაყიდვა იმისათვის, რომ ჯანდაცვის ელემენტარული სერვისი მიეღო. ასე რომ, სრულად მიტოვებული იყო ჩვენი მოქალაქე სახელმწიფოსგან, სახელმწიფოს მზრუნველობისგან. ჩვენ კარგად ვიცით – იმისთვის, რომ შევაფასოთ ხელისუფლების დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, ეს დამოკიდებულება უნდა გამოიკვეთოს მოქალაქეებისადმი, თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებზე, საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, სიცოცხლის დაცვაზე, განათლებაზე და ა.შ.

 

ჩვენს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყებიდან მოკლე პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტი ჯანდაცვაზე თითქმის გაორმაგდა, შემცირდა ჯანდაცვის სერვისებზე ე.წ. ჯიბიდან გადახდები და როგორც მოგახსენეთ, მოქალაქეების 90%-ზე მეტს მიეცა ამ მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა.

 

ასევე მინდა, შეგახსენოთ, რომ ბოლო წლებში უპრეცედენტოდ გაიზარდა ჯანდაცვის სექტორისთვის გამოყოფილი სახელმწიფო ასიგნებების მოცულობა. შედარებისთვის, 2012 წელს 450 მილიონი ლარიდან, წელს უკვე მილიარდ 450 მილიონ ლარამდე გაიზარდა, თითქმის მილიარდ ნახევარი გახდა ჯანდაცვის სექტორისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პროგრესია“, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ბოლო 10 წელიწადში, გარდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებისა, რეფერალური მომსახურებით ისარგებლეს მოქალაქეებმა, რისთვისაც 350 მლნ ლარი გამოიყო. ასევე აღნიშნა, რომ ახლა ყველაზე დიდი გამოწვევაა ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების მიწოდება მოქალაქეებისთვის და მიმართულებითაც ბევრი გაკეთდა, თუმცა კიდევ ბევრი არის გასაკეთებელი.

"საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების გარდა, რეფერალური მომსახურებით ისარგებლეს ჩვენმა მოქალაქეებმა და ამისთვის გამოვყავით 350 მლნ ლარი, საიდანაც 50 მლნ ლარით დაფინანსდა ჩვენი მოქალაქეების მკურნალობა საზღვარგარეთ და ამას ემატება 25 მლნ ლარი სოლიდარობის ფონდის მიერ გამოყოფილი დაფინანსება. ჯამში 75 მლნ ლარი იქნა გადახდილი ჩვენი მოქალაქეების საზღვარგარეთ მკურნალობაში. ეს არის ძალიან მოკლედ ის შედეგები, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა მმართველმა ძალამ, პარტიამ მოუტანა ჩვენს მოქალაქეებს.

 

70 მლნ ლარიდან წელიწადში, ანუ ჯამში, 10 წელიწადში 700 მლნ ლარი იქნებოდა, რომ ყოფილიყო წინა ხელისუფლება, ჩვენ 7 მლრდ ლარით დავაფინანსეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამები. ესაა თვალსაჩინო მაგალითი, რისთვისაც მე მინდა, ყველა ჯანდაცვის მინისტრს გადავუხადო მადლობა. გადავუხადო მადლობა ჩვენს ახალ მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს. მან კიდევ უფრო მეტი პროგრამა დაამატა. წელს დაემატა, შარშანაც დაემატა სხვა პროგრამები და მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავარი გამოწვევა ახლა არის ხარისხი, ხარისხიანი ჯანდაცვის მიწოდება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი გაკეთდა, მაგრამ კიდევ ბევრი არის გასაკეთებელი, ამიტომ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს ჩვენი პატივცემული ექიმების, მთელი მედპერსონალის, მთელი სექტორის ჩართულობის, თქვენი დახმარების. მინდა, ყველა ექიმს, ექთანს, მთელ მედპერსონალს გადაგიხადოთ მადლობა. მინდა, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს გულწრფელი მადლიერება დაგიდასტუროთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში