სუდანში ჩარჩენილი კიდევ 13 მოქალაქე, „მაი ეარლაინსის“ თანამშრომლები სამშობლოში დაბრუნდა. ისინი სამუშაო ვიზიტით, დედაქალაქ ხართუმში იმყოფებოდნენ, სადაც 14 აპრილს სამხედრო დაპირისპირება დაიწყო.
კომპანია „მაივე ეარლაინსის“ დირექტორის განცხადებით, კომპანიის თანამშრომლების ქვეყანაში დაბრუნება საქართველოს საგარეო უწყების უშუალო ჩართულობით მოხერხდა. სუდანის საზღვრიდან „მაივეი ეარლაინსის“ თანამშრომლების ტრანსპორტირება თავდაპირველად კაიროში განხორციელდა, რის შემდეგაც ისინი საქართველოში ჩამოიყვანეს.
"პირველ რიგში, ვულოცავ ჩვენი თანამშრომლების ნათესავებს, მეგობრებს მათ საქართველოში ჩამოსვლას. ყველა ევაკუირებულია. ყველას მადლობას ვუხდით, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. ჩვენ ყოველდღიური კონტაქტი გვქონდა თურქეთში საქართველოს კონსულთან. მასთან ხშირი კომუნიკაციის შედეგად გავედით ამ გზებზე. მადლობას ვუხდით ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ეპიცენტრიდან ძალიან ძნელი იყო თავის დაღწევა. ასევე რთული იყო იქ ყოფნა საკვების, წყლისა და საწვავის დეფიციტის გამო. ჩვენი კონტაქტი დამოკიდებული იყო საწვავის შევსებაზე, რასთან დაკავშირებითაც ჩვენს სუდანელ პარტნიორებთანაც ვთანამშრომლობდით, მაგრამ ძალიან ძნელი იყო ადგილზე მიწოდება, იქიდან გამომდინარე, რომ ეპიცენტრში იყვნენ ჩარჩენილი ჩვენი თანამშრომლები“, - განაცხადა რატი ბაკურაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ქვეყანაში უკვე ჩამოფრინდნენ ავიაკომპანია "ჯეოსქაის" თანამშრომლები.