საგამოძიებო სამსახურმა ვაშლოვანის ნაკრძალში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მიერ ტურისტების მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

29 მაისი 2023, 20:16 598 ნახვა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ვაშლოვანის ნაკრძალში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მიერ ტურისტების მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გამოყენების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, გამოძიების დაწყების საფუძველი 2023 წლის 29 მაისს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მედიის წარმომადგენლის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის 28 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა ვაშლოვანის ეროვნული პარკის მიმდებარედ განთავსებული ტურისტების კარვების მისამართით, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით გასროლა განახორციელა.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახური სწრაფი, ეფექტიანი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს“, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი