მოქალაქე ავთანდილ კომახიძის ოჯახი აჭარის პოლიციის უფროსს მუქარასა და დევნაში ადანაშაულებს

07 დეკემბერი 2023, 13:44 951 ნახვა

მოქალაქე ავთანდილ კომახიძის ოჯახი და ახლობლები აჭარის პოლიციის უფროსს, გრიგოლ ბესელიას მუქარასა და დევნაში ადანაშაულებენ.

მათი განცხადებით, ორი წლის წინ ბესელიამ კომახიძეს პოლიციელები მიუგზავნა და მისთვის უცნობი მოტივით ქვეყნის დატოვება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში იარაღის ან დიდი ოდენობით ნარკოტიკის ჩადებით დაემუქრა.

კომახიძის ოჯახის წევრებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს, ისინი აჭარის მთავარ სამმართველოსთან შეიკრიბნენ. მიზეზის განმარტება და ავთანდილ კომახიძის ქვეყანაში უსაფრთხოდ შემოსვლის გარანტია მოითხოვეს. ამბობენ, რომ მათი მოთხოვნის შესრულებამდე დაშლას არ აპირებენ.

ორი წლის განმავლობაში კომახიძე სხვადასხვა ქვეყანას აფარებდა თავს, რამდენიმე თვის წინ ის სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა ბესელიას მხრიდან მუქარა გაგრძელდა და კვლავ ქვეყნის დატოვება მოუწია.

შსს-ში თემასთან დაკავშირებით განმარტება ამ დრომდე არ გაკეთებულა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში