საპროტესტო აქციები უცხოურ მედიაში

17 აპრილი 2024, 10:18 297 ნახვა

თბილისში, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის  შეტაკებები მაშინ დაიწყო, როცა ქვეყნის პარლამენტი  „უცხოელი აგენტების“ შესახებ საკამათო კანონპროექტის განხილვას აგრძელებდა - წერს სი-ენ-ენი, რომელიც აღნიშნავს, რომ  კანონპროექტი, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ განსახილველად ხელახლა შეიტანა მას შემდეგ, რაც გასულ წელს საპროტესტო ტალღის ფონზე მასზე უარი თქვა.

სი-ენ-ენ-ის თანახმად, კანონპროექტი გააკრიტიკეს დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის აშშ-მ და ბრიტანეთმა და უფლებადამცველმა ჯგუფებმა, რადგან მას  ქვეყანაში ძირითადი თავისუფლებების შეზღუდვის მცდელობად მიიჩნევენ. 

ასოშეიტედ პრესი წერს, რომ  საქართველოს დედაქალაქში პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, რათა პარლამენტის წინ დაეშალა მასობრივი  დემონსტრაცია. აქციის მონაწილეები მმართველი პარტიის  მიერ წარდგენილ კანონპროექტს  აპროტესტებდნენ, რომელიც მოითხოვს მედია და არაკომერციული ორგანიზაციებისგან უცხოური გავლენის ქვეშ მყოფი ორგანიზაციების სახელით დარეგისტრირებას,  თუ ისინი დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ. ოპონენტები ამბობენ, რომ ეს კანონპროექტი ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დიდი ხნის ნანატრ პერსპექტივას და გმობენ მას, როგორც „რუსულ კანონს“ მსგავსი კანონმდებლობის გამო, რომელსაც მოსკოვი  დამოუკიდებელი საინფორმაციო მედიისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ იყენებს.

ასოშეიტედ პრესს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო წარმომადგენლის გიორგი მსხილაძის განცხადებაც მოჰყავს, რომელიც ამბობს, რომ  პარლამენტში მიღების შემთხვევაში ზურაბიშვილი  კანონს ვეტოს დაადებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ  ეს ვეტო შესაძლოა მალევე დაიძლიოს.

ათასობით ადამიანი აპროტესტებს საქართველოში "უცხოელი აგენტების" შესახებ სადავო კანონპროექტს - წერს ალ ჯაზირა.  ათასობით ქართველი პროტესტის ნიშნად შეიკრიბა ჯერ კიდევ  საბჭოთა საქართველოში  აშენებული პარლამენტის შენობასთან.  კრიტიკოსები კანონპროექტს „რუსულ კანონს“ უწოდებენ და ადარებენ კანონმდებლობას, რომელსაც კრემლი ქვეყანაში  განსხვავებული აზრის დასაძლევად იყენებს. 

მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ თაროზე შემოდებიდან  13 თვის შემდეგ  ეს კანონპროექტი ხელახლა შეიტანა პარლამენტში, სადაც  იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, რომელსაც ქართული ოცნება და მისი მოკავშირეები აკონტროლებენ, მხარი დაუჭირა მას. ევროკავშირმა, რომელმაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი დეკემბერში მიანიჭა, განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი შეუთავსებელია ბლოკის ღირებულებებთან - წერს ალ-ჯაზირა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში