აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ადამიანის უფლებების შესახებ

23 აპრილი 2024, 14:04 259 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. დოკუმენტში მიმოხილულია  საკითხები  სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები,  ევროინტეგრაცია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება, სასამართლო  სისტემაში არსებული გამოწვევები.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობამ გადადგა ნაბიჯები ზოგიერთი ოფიციალური პირის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევის საქმეებზე გამოძიების ჩასატარებლად, თუმცა დაუსჯელობა კვლავ პრობლემად რჩებოდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2023 წლის ანგარიშში ასევე საუბრობს საქართველოს ციხეებსა და დაკავების ცენტრებში არსებული პირობების შესახებ. ანგარიშის ამავე ნაწილში მოხვდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეც. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, უზრუნველეყოთ სააკაშვილისთვის დროული და შესაბამისი მკურნალობა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას ეხება, წერია, რომ „მთავრობა არ სცემდა პატივს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, როდესაც საქმე ეხებოდა პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეებს“.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სასამართლო სისტემის გაუმჭვირვალობა ძირს უთხრის სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობას. „იყო სანდო ბრალდებები, რომ გავლენიანი „კლანის“ წევრები იყვნენ კორუმპირებულები. რამდენიმე გამომძიებელი ჟურნალისტის რეპორტაჟებში ხაზგასმულია სასამართლოში არსებული კორუფცია, რაც, კერძოდ, უკავშირდება მოსამართლეთა დაუსაბუთებელ შემოსავლებს“, – ნათქვამია ანგარიშში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში