ევროპარლამენტის შიდა ბაზრისა და მომხმარებელთა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა მესამე ქვეყნების მიერ განხორციელებული ლობირების გამჭვირვალობის შესახებ ახალ წესებს. პროექტს ევროპარლამენტის შიდა ბაზრისა და მომხმარებელთა დაცვის კომიტეტმა 35 ხმით, ოთხის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.
ამის შემდეგ პროექტი სტრასბურგში, პარლამენტის სხდომაზე უნდა დაამტკიცონ, რის შემდეგაც დაიწყება მოლაპარაკებები ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის. ევროპარლამენტის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ახალი წესების მიზანია ლობირების საერთაშორისო ხასიათისა და დემოკრატიულ პროცესებზე შესაძლო უცხოური გავლენის საკითხის მოგვარება.
წესები ვრცელდება ანაზღაურებადი ლობირების საქმიანობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკაზე, კანონმდებლობასა ან გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენას. ეს, შეიძლება, მოიცავდეს შეხვედრებისა და კონფერენციების ორგანიზებას, კონსულტაციებსა და მოსმენებში ჩართვას, საკომუნიკაციო კამპანიებს, დოკუმენტების მომზადებას და კვლევებს. წესები არ ვრცელდება ოფიციალურ სამთავრობო და დიპლომატიურ სამუშაოზე, მედიასერვისებზე, იურიდიულ კონსულტაციასა და აკადემიურ კვლევაზე.
ახალი წესების მიხედვით, თითოეული ქვეყანა შექმნის ლობისტების რეესტრს, რომელსაც დამოუკიდებელი ორგანო მართავს და უზრუნველყოფს მონაცემების სიზუსტეს. ეს რეესტრები ერთმანეთთან დაკავშირებული იქნება ერთიანი პორტალის საშუალებით.
