ჩვენ ისეთივე ევროპული ქვეყანა ვართ, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნები და გარკვეული მეურვეობითი დამოკიდებულება, ზემოდან ქედმაღლური ყურება მიუღებელია - პაპუაშვილი

25 აპრილი 2024, 14:09 257 ნახვა

ჩვენ ისეთივე ევროპული ქვეყანა ვართ, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნები და გარკვეული მეურვეობითი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, ზემოდან ქედმაღლური ყურება არის მიუღებელი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბათუმში რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პოლიციაზე თავდასხმა არის სახელმწიფოზე თავდასხმა და ეს მიუღებელია.

„ზოგადად, ძალიან სამწუხარო დამოკიდებულება არის ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან, არა მხოლოდ საქართველოს მიმართ. თუ დააკვირდებით მათ აქტივობებს სხვა ქვეყნების მიმართაც, მათი დამოკიდებულება არის გარკვეულად ქედმაღლური, ზემოდან დახედვა ქვეყნების მიმართ. ისეთი დამოკიდებულებაა, თითქოს ევროპარლამენტი არის ევროპა და საქართველო - არა. ეს რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. ჩვენ ისეთივე ევროპული ქვეყანა ვართ, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნები და გარკვეული მეურვეობითი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, ზემოდან ქედმაღლური ყურება არის მიუღებელი.

 

რეზოლუცია არის სამწუხარო განმეორება რეზოლუციების სერიისა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ და რომელიც გაჯერებული იყო ცილისწამებით საქართველოს მიმართ, ცალკეული პირების მიმართ და ამას გარკვეულწილად შეჩვეული ვართ. აქვე განსაკუთრებულად მიუღებელი იყო ერთ-ერთი ევროპარლამენტარის მხრიდან ქართულ პოლიციაზე თავდასხმა და ვთქვი კიდეც, რომ პოლიციაზე თავდასხმა არის სახელმწიფოზე თავდასხმა და ეს მიუღებელია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე განმარტებით,  რეზოლუციის პროექტმაც გამოაჩინა, რომ ხალხმა, რომელიც გვეუბნება, რომ იცის ჩვენს საზოგადოებას რა სჭირდება, რა არ სჭირდება, ისიც კი არ იცის აფხაზეთი როგორ უნდა მოიხსენიოს.

„რეზოლუცია აჩვენებს კიდევ ერთხელ ზუსტად იმ პრობლემას, რომელსაც ჩვენ ხშირად ვაწყდებით და რომელიც, სხვათა შორის ახლახან გამოჩნდა, როდესაც ერთ-ერთი ქართველი კრიმინალი ზურაბ ადეიშვილი ვიხილეთ ბრიუსელის დერეფნებში და სხვადასხვა სათათბირო ოთახში შეხვედრების დროს, ზუსტად იგივე ოთახებში, ზუსტად იგივე ბიუროკრატები თუ ევროპარლამენტარები... ჩვენ როდესაც გვესაუბრებიან რაღაც რეფორმებზე, რაღაც კანონის მიღება-არ მიღებაზე, რაღაც გადაწყვეტებზე, მაგალითად, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, როცა საუბრობენ „ვეტინგზე“ და როდესაც ჩვენ გვაქვს საუბარი იმაზე, რომ ეს არ არის ევროპული პრაქტიკა, ეს არ არის კარგი პრაქტიკა, ისინი გვეუბნებიან, რომ კი გვესმის, ეს არ არის კარგი ევროპული პრაქტიკა, ჩვენს ქვეყანაში ამას არ გავაკეთებდით, მაგრამ თქვენი ქვეყნის კონტექსტისთვის ეს საჭიროა, რომ უცხოელებმა დაგინიშნონ მოსამართლეები“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში