14 სენატორის კრიტიკული წერილი პრემიერს

27 აპრილი 2024, 12:02 241 ნახვა

14 ამერიკელი სენატორის წერილი საქართველოს პრემიერს. სენატის ორპარტიული ჯგუფი შეშფოთებას გამოხატავს და ირაკლი კობახიძეს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.

"ამერიკის ხმის" მიერ მოპოვებული წერილის ასლის თანახმად, პოლიტიკის ცვლილებაში ისინი რამდენიმე ფაქტორს მოიაზრებენ, რომლებიც აქამდე საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში გაჟღერებული არ ყოფილა. მათ შორისაა ინდივიდუალური სანქციების დაწესება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა და სავიზო შეზღუდვების გაფართოება. სენატორები ამავე წერილში უარყოფენ "ქართული ოცნების" ნარატივს, რომ გამჭვირვალობის კანონი ამერიკული უცხოური აგენტების გავლენის, ეგრეთწოდებული "ფარას" მსგავსია. წერილის ბოლოს კი სენატორები პირობას დებენ, რომ არასდროს მიატოვებენ "ქართველი ხალხის მისწრაფებას, რომელმაც საკუთარი ხმა დემოკრატიული და ევროპული მომავლის მხარდასაჭერად, ხმამაღლა და მკაფიოდ, ყველას გააგონა".

წერენ იმასაც, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს მისი მოქალაქეების უდიდესი ნაწილის სურვილი, ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ დაწინაურდეს, რადგან ამ კანონის მიღება, როგორც ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, უარყოფით გავლენას იქონიებს საქართველოს ევროპულ ბლოკში გაწევრიანების პერსპექტივაზე. ეს კი მთავრობის მიერ საკუთარი კონსტიტუციის უგულებელყოფა იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში