მთავრობის სხდომა

04 აპრილი 2017, 00:00 3620 ნახვა

11-12 მარტის მოვლენები, დესტრუქციული ძალების მიერ რეგიონის მაღალი რეიტინგის ვარდნისკენ იყო მიმართული – ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. ზურაბ პატარაძის თქმით, რეგიონის მთავრობას აქვს ამბიციური გეგემები ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით და ტურისტული ნაკადის ზრდას მსგავსი მცდელობები ვერ შეაფერხებს. სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ასევე ისაუბრეს ე.წ “გმირთა ხეივანის” ტერიტორიაზე საინვესტიციო მიმართულებით დაწყებულ მოლაპარაკებებზე. რეგიონის პირველი პირი ესტაკადის მშენებლობას აანონსებს. მისივე თქმით, საკითხზე მარკეტოლოგები იმუშავებენ, პროექტი მზად დაახლოებით ერთ თვეში იქნება და მშენებლობის დაწყების თარიღიც გახდება ცნობილი. მთავრობის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 5 საკითხზე იმსჯელეს. ცვლილება შევიდა დებულებაში, რომლის მიხედვითაც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ახალი - საინვესტიციო დეპარტამენტი შეიქმნება. მთავრობის სხდომაზე დასწრების სურვილი ჰქონდა “ნაციონალური მოძრაობის” ორ წევრს, თუმცა ისინი შეხვედრაზე არ დაუშვეს. სხდომის დასრულების შემდეგ, ზურაბ პატარაძემ განმარტა რომ დღევანდელი ფორმატი ასეთ შეხვედრებს არ ითვალისწინებს, თუმცა მზადაა ოპონენტებს სასურველ საკითხებზე სხვა ფორმატში ნებისმიერ დროს  ესაუბროს. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში