როინ შავაძის განზრახ მკვლელობის საქმე

08 ნოემბერი 2024, 19:50 344 ნახვა

თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის, როინ შავაძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ აჭარის კუდ-ის კიდევ სამი ყოფილი თანამშრომელი ცნო დამნაშავედ და მათ 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
სამი მსჯავრდებულიდან – გელა გვიანიძე და ასლან ინაიშვილი აჭარის კუდ-ის სპეცრაზმელები, მალხაზ აბულაძე კი, აჭარის კუდ-ის საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო. აბულაძე ინტერპოლით იძებნება, ხოლო გელა გვიანიძემ და ასლან ინაიშვილმა შავაძის ლიკვიდაციის ადგილზე ყოფნა დაადასტურეს, თუმცა საბოლოო სიტყვაში განმარტეს, რომ არ გაუსვრიათ, ვერც დაინახეს მისი მკვლელობა, მხოლოდ მოკლული დაინახეს.
მათივე განმარტებით, მათ იარაღზე არ აღმოჩნდა არც დენთის კვალი და არც ბალისტიკურმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მათი იარაღიდან მოხდა გასროლა. როგორც ამბობენ, მათ ხელმძღვანელებმა განუცხადეს, რომ მოღალატე იყო დასაჭერი. ასევე განმარტეს, რომ სპეცოპერაციის დროს აჭარის კუდ-ის უფროსი თეიმურაზ პატარიძეც დაინახეს.
აღნიშნეს, რომ სპეცრაზმელები ხელმძღვანელობის დავალებებს ასრულებდნენ და მათ საქმის კურსში არავინ აყენებდა. განაჩენის გამოცხადებას შავაძის მეუღლეც ესწრებოდა. სერჟანტი როინ შავაძე 2008 წლის აგვისტოს ომიდან რამდენიმე დღეში მოკლეს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში