შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფისა“ და „კირნათის“ დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე - 1988 წელს დაბადებული ა.ი., 1999 წელს დაბადებული ი.თ., 2003 წელს დაბადებული თ.ი. და 1999 წელს დაბადებული მ.ჯ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ა.ი.-მ და ი.თ.-მ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ხოლო ბრალდებულებმა თ.ი.-მ და მ.ჯ.-მ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდნენ საქართველოში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.
დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე