სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტები 1.5 მლნ. მგზავრს მოემსახურა, რაც 8.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
საქსტატის ცნობით, აეროპორტებმა მიიღო 758.9 ათასი მგზავრი, ანუ 8.8 პროცენტით მეტი, ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 778.6 ათასი მგზავრი, რაც 8.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უწყების ანგარიშით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 95.7 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 6.0 ათასი შეადგინა, რაც 1.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
ამასთან, საქსტატის ცნობით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 7.8 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 93.0 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 7.0 პროცენტი — გაგზავნილი.
რაც შეეხება სატვირთო რეისებს, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.9 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 3.0-ჯერ აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.