„ქართულ ოცნებასთან“, როგორც არჩეულ ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში, ინსტრუმენტად იქნა გამოყენებული ქვეყნის და მოსახლეობის გეოსტრატეგიული მისწრაფებები - დავით ბაქრაძე

23 ივნისი 2025, 10:39 110 ნახვა

2016 წლის მარტის თვეში, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი პარტიის, „ევროპის სახალხო პარტიის“ ხელმძღვანელი, ჯოზეფ დაული აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს პარტია საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციას და საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლას მხარს უჭერს, ეს პროცესი უნდა გადაიდოს. ამ განცხადების შემდეგ უკვე დაულის ვიზიტი შედგა 30 მარტს, – ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ბაქრაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უსმენენ, სადაც განსახილველი საკითხია „2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენება“.

როგორც ბაქრაძემ განაცხადა, ჯოზეფ დაული საქართველოში ვიზიტის ფარგლებში იმ დროს მსჯავრდებულ „ნაცმოძრაობის“ წევრებსაც შეხვდა და აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციას საქართველო მოგვიანებით მიიღებდა.

„დაული ჩამოდის საქართველოში, ხვდება „ნაციონალური მოძრაობის“ პატიმრებს, რომლებიც გარკვეულ სისხლის სამართლის საქმეებში იყვნენ მსჯავრდებული, ანუ მათი პარტნიორი პარტიის წევრებს. ვისაც ის ვიზიტის დროს შეხვდა, ამ პერიოდისთვის მსჯავრდებულები იყვნენ მერაბიშვილი, ახალაია, უგულავა და ასევე გაიმართა შეხვედრა „ნაციონალურ მოძრაობაში“. მიუხედავად რბილი კრიტიკისა, რომელიც ამ განცხადების საპირისპიროდ გამოითქვა ხელისუფლების მხრიდან, ის ჩამოვიდა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „თქვენ მიიღებთ უვიზო მიმოსვლას, მაგრამ, ეს პროცესი გადაიდება“ – ვციტირებ მის ნათქვამს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებას იმ დროს ერთი მხრივ, უწევდა დაულის განცხადების კრიტიკა, თუმცა, ეს ისე უნდა მოეხერხებინა, რომ ევროპის ყველაზე მსხვილ „სახალხო პარტიასთან“ ურთიერთობა არ დაზიანებულიყო, რაც უვიზო მიმოსვლაზეც აისახებოდა.

ბაქრაძის თქმით,  „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი პარტიის განცხადებებიდან იკვეთებოდა, რომ ვიზალიბერალიზაციის მთავარი წინააღმდეგობა იყო „ქართული ოცნების“ პოზიციების განმტკიცება წინასაარჩევნოდ, სწორედ ამიტომ სურდათ ამ პროცესის გადადება.

„მინდა, განვმარტო, რა იგულისხმება რბილ კრიტიკაში. ეს არის პერიოდი, როდესაც სასწორის პინაზე დევს ჩვენი ხალხისთვის უვიზო მიმოსვლის უზრუნველყოფა ევროკავშირში – ანუ, გადაწყვეტილების ერთ-ერთი ნაწილი, ევროკომისიის გადაწყვეტილების მიღმა, გადის ევროპარლამენტზე, ანუ, პოლიტიკოსებზე და ჩანს, რომ ამ დროს, ამ განცხადების უკან, დგას მათი პარტნიორი პარტიის მხარდაჭერის სურვილი, რომ ეს ძალისხმევა, რომელიც მთავრობას ჰქონდა, არ გადაითარგმნოს შედეგში და არ აისახოს მმართველი პარტიის გაძლიერებაში. ამ დროს, ხდება ის, რომ განცხადებასთან დაკავშირებით, უვიზო მიმოსვლის უზრუნველყოფა უკავშირდება გარკვეულ პირობებს. ჩვენ, კრიტიკის ნაწილში მოგვიწია დანის პირზე გავლა, იმიტომ, რომ ერთის მხრივ, ამ განცხადებას ვაკრიტიკებდით, მეორე მხრივ, არ უნდა დაგვეზიანებინა ურთიერთობა ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს „სახალხო პარტიასთან“, რადგანაც ეს მერე აისახებოდა მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის პერსპექტივაზე. ანუ, პოლიტიკური ფაქტორი ამოქმედდა და ამ ვიზიტიდან ორ კვირაში, იგეგმება ძალიან მნიშვნელოვანი ასოცირების კომიტეტის შეხვედრა. აქ უკვე საჯაროდ ჩნდება მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებები და გადაწყვეტილებები ამ პროცესის საწინააღმდეგოდ.

„ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებებიდან იკვეთებოდა, რომ თუ საქართველო მიიღებდა უვიზო რეჟიმს არჩევნებამდე, ეს რომ განამტკიცებდა მმართველ პარტიას და მის ავტორიტეტს, ეს იყო მთავარი წინააღმდეგობა ამ პროცესისათვის, რომ არ მისულიყო ეს არჩევნებამდე. ანუ, ოცნებასთან, როგორც არჩეულ ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში, ინსტრუმენტად იქნა გამოყენებული ქვეყნის და მოსახლეობის გეოსტრატეგიული მისწრაფებები“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, 2016 წლის 14 აპრილს ასოცირების კომიტეტის სხდომაზე მიიღეს რეკომენდაცია, რომ საქართველომ მიიღოს უვიზო მიმოსვლა, რასაც მხარი არ დაუჭირეს გიორგი კანდელაკმა და ტარიელ ლონდარიძემ.

ბაქრაძის თქმით, „ნაცმოძრაობა“ მმართველ გუნდთან შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში აზიანებდა სახელმწიფო ინტერესებს.

„ასოცირების კომიტეტთან შეხვედრისას გაჟღერდა გარკვეული წინაპირობები. კერძოდ „ევროპის სახალხო პარტიამ“ დაასახელა, რომ ეს გადაწყვეტილება გადადებულიყო არჩევნების შემდგომ, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ გაჟღერდა რამდენიმე წინაპირობა, რომელიც, სურდათ, ცვლილების სახით შესულიყო ამ რეკომენდაციაში, როგორც წინაპირობა“, - აღნიშნა ბაქრაძემ.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სურდა, „რუსთავი 2“-ის კანონიერი მფლობელის მიერ ტელეკომპანიის საკუთრების უფლებისთვის სასამართლო ბრძოლა შეწყვეტილიყო და ეს ყოფილიყო საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების წინაპირობა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი