საჯარო და კერძო სექტორში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა პროკურატურის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია - გიორგი გვარაკიძე

24 ივნისი 2025, 10:44 81 ნახვა

საჯარო და კერძო სექტორში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობა ცალკე პრიორიტეტად მინდა გამოვყო, - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, გიორგი გვარაკიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

"ვფიქრობ, გასაზრდელია პროკურატურის საგამოძიებო მიმართულების ანტიკორუფციული ღონისძიებების შედეგიანობა, მათ შორის ყურადღება უნდა გამახვილდეს სახელმწიფო პროგრამული დაფინანსების ხარჯვის მართლზომიერების საკითხებზე და სახელმწიფო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე“, - აღნიშნა გიორგი გვარაკიძემ

გენერალური პროკურორობის კანდიდატის განცხადებით, გასაძლიერებელია სამოხელეო და კორუფციულ დანაშაულებზე პარალელური ფინანსური გამოძიების არსებული პრაქტიკა, მაღალი რისკების სფეროების იდენტიფიცირების და დაუსაბუთებელი ქონების ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენის მაჩვენებელი.

როგორც გიორგი გვარაკიძემ აღნიშნა, დანაშაულში თანამონაწილეთა იდენტიფიცირების, სამართალწარმოების დაჩქარებისა და ქონების ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, დანაშაულში ჩართული და მოთანამშრომლე პირების მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საპროცესო შეთანხმების გზით სამართლებრივი შეღავათების გავრცელების პრაქტიკა.

როგორც გენერალური პროკურორობის კანდიდატმა აღნიშნა, აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე მოქალაქეს უნდა ჰქონდეს პროკურატურასთან კომუნიკაციის და ინფორმაციის მიღების მარტივი შესაძლებლობა, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია ოფიციალური გვერდების საშუალებით, როგორიცაა: ინფორმაცია განმცხადებლის, მოწმის, დაზარალებულის უფლებების და პროკურატურასთან ურთიერთობისას შესაძლო სამართლებრივი მოლოდინების თაობაზე; სწრაფი მართლმსაჯულება;  პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილება; სავალდებულო დაცვა;  სასჯელის შემსუბუქების საკანონმდებლო შესაძლებლობები; პროკურორის ფუნქციები და უფლებამოსილების ფარგლები; ქვემდებარეობა; გამოძიების დაწყების საფუძვლები;  ყადაღა და მისი გამოყენების საფუძვლები.

ამასთან, გიორგი გვარაკიძემ პარლამენტის სხდომაზე პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ დანაშაულზე რეაგირების მექანიზმების გაუმჯობესებაზე ისაუბრა.

„სპეციალური სუბიექტების მიერ ჩადენილი დანაშაულების, ფულის გათეთრების, სამოხელეო და კორუფციული დანაშაულების გამოვლენისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებს შორის გამოვყოფდი: სტუქტურულ ოპტიმიზაციას, გამომძიებელთა თემატურ გადამზადებას, დანაშაულებრივი ქონების მოძიების და ამოღების მექანიზმების გააქტიურებას და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას“, – განაცხადა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა.

გიორგი გვარაკიძე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილების პროკურატურისთვის გადაცემის მიმდინარე რეფორმასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ ფორმატით დანაშაულზე რეაგირება ბევრად უფრო სწრაფს და მოქნილს გახდის გამოძიებას, ხოლო პროკურატურას მისცემს შესაძლებლობას მაღალკვალიფიციური ადამიანური რესურსით დაიკმაყოფილოს კადრების ოპტიმიზაციის საჭიროება.

როგორც გენერალური პროკურორობის კანდიდატმა განაცხადა, შიდასტრუქტურულ რეფორმებთან ერთად, პროკურატურის ქვემდებარე დანაშაულის გამოვლენისა და ინფორმაციის სწრაფი გაცვლის პრაქტიკის დანერგვისთვის არსებითად მნიშვნელოვანია უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მაკონტროლებელ და სარევიზიო დანაყოფებთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან, საქართველოს ეროვნულ ბანკთან, საექსპერტო დაწესებულებებთან.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატ გიორგი გვარაკიძეს უსმენენ.

გიორგი გვარაკიძის გამოსვლას საქართველოს პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი