ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ქართული ოცნება, ეს არის ქვეყანაში სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა - პრემიერი

27 ივნისი 2025, 16:31 108 ნახვა

ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ქართული ოცნება - ეს არის ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა ნაბიჯი, რომელიც იდგმება საქართველოს მთავრობის მხრიდან, საბოლოო ჯამში ამ ორი ქართული ოცნების ასრულებისკენ არის მიმართული.

„ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ოცნება, ორი მთავარი ქართული ოცნება - ეს არის ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის საბოლოოს დაძლევა და ძალიან სწრაფი ტემპით მივდივართ ამ მიმართულებით, ჩვენ საშუალოვადიან პერსპექტივაში გვექნება ამ მიზნის სრულად მიღწევის საშუალება. მეორე - ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც არის ჩვენი ეროვნული ოცნება. ყველა ის ნაბიჯი, რომელიც იდგმება საქართველოს მთავრობის მხრიდან, საბოლოო ჯამში ამ ორი ქართული ოცნების ასრულებისკენ არის მიმართული. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საერთო ძალისხმევით, ჩვენი გუნდური მუშაობით, ყველა ეს მიზანი საბოლოოდ იქნება მიღწეული ჩვენი ქვეყნისთვის, გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება. ჩვენს ქვეყანას გაუმარჯოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის მიმართულებით არსებობს სტრატეგია, რომელიც მუდმივ გადახედვას და განახლებას საჭიროებს.

„ჩვენ გვქონდა დასახული მიზანი, 7%-მდე გაგვეზარდა ადგილობრივი თვითმმართველობის შემოსავლების წილი ჯამურ შემოსავლებში, ანუ საუბარია ფისკალურ დეცენტრალიზაციაზე და მომავალ წელს ეს მიზანი შესრულდება. თუმცა, ესეც არ არის საკმარისი. მუდმივად უნდა განახლდეს დეცენტრალიზაციის სტრატეგია და უნდა ვიფიქროთ კიდევ უფრო მეტი კომპეტენციის გადაცემაზე ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ყველა კვლევის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა არის ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი ნდობით მოსარგებლე საჯარო ინსტიტუტი ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ამითაც უნდა ვიამაყოთ და მაქსიმალური სარგებელი უნდა მივიღოთ ამ ყველაფრისგან. რაც მეტი შესაბამისი კომპეტენცია გადავა ადგილობრივ დონეზე, ბუნებრივია, მით უკეთესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებასთან დაკავშირებით აქვთ კომპლექსური ხედვა, რომელიც, პირველ რიგში, მოიცავს ინფრასტრუქტურის განვითარებას აბსოლუტურად ყველა შესაბამისი მიმართულებით.

მისივე განმარტებით, ეს არის ჩქაროსნული საავტომობილო გზები, რკინიგზა, პორტები, აეროპორტები, ყველა მიმართულებით კომპლექსურად განვითარდება ინფრასტრუქტურა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში