„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილებებით „ქართული ოცნება“ ხურავს პანდორას ყუთს, რომელიც „ნაციონალებმა“ ქვეყანას ჯერ კიდევ 2004 წელს გაუხსნეს - საზოგადოება „ქართული“

28 ივნისი 2025, 11:01 93 ნახვა

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით „ქართული ოცნება“ ხურავს პანდორას იმ ყუთს, რომელიც „ნაციონალებმა“ ქვეყანას ჯერ კიდევ 2004 წელს გაუხსნეს და მოახვიეს თავს, – ამის შესახებ საზოგადოება „ქართულის“ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაში წერია, ეს სერიოზული ნაბიჯია ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის განმტკიცებისა და საზოგადოების დამშვიდებისთვის.

„პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში, რომელიც რადიკალურად ცვლის ცილისწამებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ჩარჩოს. ეს არის არა მორიგი, რიგითი ინიციატივა, არამედ სერიოზული ნაბიჯია ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის განმტკიცებისა და საზოგადოების დამშვიდებისთვის.

წლების განმავლობაში ცილისწამების მანქანა, რომელიც შეფუთული იყო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ნეოლიბერალური მანტიით, სისტემურად აგენერირებდა საზოგადოებაში სიძულვილსა და ზიზღს.

„წყაროს არ დასახელება“ და „ჟურნალისტური საიდუმლოების“ უპირობო დაცვა იყო ის ბერკეტები, რომელსაც გარედან მართული რადიკალები აქტიურად იყენებდნენ საზოგადოების დეზორიენტაციისა და დაშინებისთვის."- აღნიშნულია წერილში და ჩამოთვლილია შეერთებულ შტატებსა და ევროპაში გათვალისწინებული სასჯელის ზომები ცილისწამების შემთხვევაში.

„სწორედ დასავლურ ქვეყნებში მიჩნეულია ცილისწამება „წითელ ხაზად“, რომლის გადაკვეთა დაუშვებელია.

აშშ-ში ცილისწამება უმეტესად სამოქალაქო სამართლის სფეროა და, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ წარმოადგენს კრიმინალს. თუმცა ცილისმწამებელს ხშირად ეკისრება სოლიდური ფინანსური პასუხისმგებლობა, საჯარო ბოდიშისა და დეზინფორმაციის უარყოფის ვალდებულებით.

ევროკავშირის რიგ ქვეყნებში, განსხვავებით აშშ-სგან, ცილისწამება სისხლის სამართლის დანაშაულად განიხილება, მაგალითად: გერმანიაში განსაზღვრულია ჯარიმა, ან 1 წლამდე პატიმრობა (მედიით გავრცელების შემთხვევაში – 2 წელი); საფრანგეთში – ჯარიმა და/ან 1 წლამდე პატიმრობა; იტალიაში 1-დან 3 წლამდე პატიმრობა და/ან ჯარიმა, განსაკუთრებით, თუ ის გავრცელდა მედიით; ესპანეთში – ჯარიმა, ან 6 თვიდან 2 წლამდე პატიმრობა.

ჩვენი აზრით, „ქართული ოცნება“ ამ კანონპროექტით რეალურად ხურავს პანდორას იმ ყუთს, რომელიც „ნაციონალებმა“ ქვეყანას ჯერ კიდევ 2004 წელს გაუხსნეს და მოახვიეს თავს.

ბოკერია-რამიშვილის კანონად წოდებული ეს სამართლებრივი პრინციპები დღემდე ეფექტურად ემსახურებოდა გარე ძალების ინტერესებს, რომელთა მიზანი გაცხადებულია: ქართული საზოგადოების დაყოფა და რადიკალიზაცია, ავტორიტეტების შეურაცხყოფა, ისტორიის და ეროვნული სიმბოლოების, ყოველივე იმის დისკრედიტაცია, რაც გვაერთიანებს.

სწორედ ამიტომ ნეოლიბერალური აგენტურა განსაკუთრებული სიმწვავით ესხმოდა და ესხმის თავს ეკლესიას და პატრიარქს, ავრცელებს ჭორებს ისტორიულ პიროვნებებზე, გმირებზე, სათაყვანებელ მეფეებსა, თუ მოღვაწეებზე.

განსაკუთრებული ზეწოლისა და ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ხვდება ყველა გამორჩეული ხელოვანი, სპორტსმენი, მეცნიერი, მწერალი, მსახიობი, რეჟისორი და საზოგადო მოღვაწე, ვინც მათ დესტრუქციულ იდეებს არ იზიარებს. მათი მთავარი სამიზნე მაინც ახალგაზრდობაა, რომლის გონებაზე მიმდინარეობს ინტენსიური იდეოლოგიური შტურმი.

ასეთივე სამიზნეა ნამდვილი ქართული საზოგადოება, რომელიც უნდა ჩაირეცხოს(მიხეილ სააკაშვილი), რათა მონოპოლია საზოგადოებრივ აზრზე უცხოური დაფინანსებით მოქმედ „უსამშობლო“ სამოქალაქო საზოგადოებას ჰქონდეს.

საბოლოოდ, ეს ლაბორატორია ემსახურება „ახალი ადამიანის“ გამოყვანას, რომელსაც უნდა სწამდეს, რომ პატრიოტიზმი სირცხვილია, დასავლეთის ინტერესების საკუთარი ქვეყნისაზე მაღლა დაყენება კი პროგრესულობა. მათთვის ტრადიციები ჩამორჩენილობაა, ქართველობის შეგნება-პრობლემა, ხოლო საკუთარი ქვეყნის დისკრედიტაცია უცხოეთში — პროდასავლურობა.

წლების განმავლობაში არსებულმა, სწორედ ასეთმა “ორუელისეულმა გარემომ” გააქრო საზოგადოებრივი სივრციდან აკადემიური აზრი, სულიერება, პატივისცემა, მიუკერძოებელი განსჯა ერის. წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. კულტურა შეცვალა მასკულტურამ, ჯანსაღი ურთიერთობები — უკულტურობამ, უხამსობამ, უზრდელობამ, ბილწსიტყვაობამ და სიძულვილის ენამ.

ვიმეორებთ, ეს არ იყო სპონტანური პროცესი, არამედ- გარედან გლობალური ნეოლიბერალური ძალების მიერ მართული შორსგამიზნული სტრატეგია, რომელიც დასავლური პროგრესულობის მანტიით შენიღბულმა ვოუქურმა დოქტრინებმა მოიტანეს. ისინი ანადგურებენ ყველაფერს, რაც ეთიკური, ჰუმანური და ქართულია. ჩვენეული კულტურული ღირებულებები — სოლიდარობა, თანასწორობა, სტუმართმოყვარეობა, ოჯახის, ქალისა და უფროსის პატივისცემა, იდენტობის განმსაზღვრელი მამული, ენა და სარწმუნოება — მათთვის არის გასანადგურებელი „ბარიერები“.

სწორედ ამ ღირებულებებით ვართ ჩვენ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, ევროპის, რომელიც დღეს აშკარა ღირებულებით კრიზისშია.

ჩვენი ვალია, ჩვენი და საკაცობრიო ფასეულობები დავიცვათ მათგან, ვინც ანტიეროვნულ, ანტიკულტურულ, ანტიევროპულ და ანტიჰუმანურ გზას გვახვევს თავს.

ამიტომაა ეროვნული მნიშვნელობის ამოცანა რადიკალური და ერის გამთიშავი სოციალ-პოლიტიკური და მედია გარემოს შეცვლა - შეჭირვებულ მოყვასზე ზრუნვის, აღმშენებლობისა და ერთიანობის სულისკვეთებით, სიმშვიდისა და სიყვარულის აღდგენით და, რაც მთავარია, ყოფასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კულტურის და ეთიკური ნორმების დაბრუნებით.

ცვლილებები „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში სწორედ რომ საქართველოს წინაშე დღეს მდგარი ამ ისტორიული ამოცანების გადაჭრას ემსახურება და ჩვენი საზოგადოება მხარს უჭერს და მიესალმება მას. ვფიქრობთ, ამით “ქართულმა ოცნებამ " კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებისკენ." - ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში