ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

09 ივლისი 2025, 15:42 184 ნახვა

ევროპარლამენტმა შესწორებებით დაამტკიცა საქართველოს შესახებ რეზოლუცია, რომელიც 2023 და 2024 წლებში ევროკომისიის ანგარიშებს ეხება. დოკუმენტს 490-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 147 წინააღმდეგი იყო, 49 ევროპარლამენტარმა თავი შეიკავა.

დოკუმენტის თანახმად, „ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პოზიციას, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით, რომელიც უნდა ჩატარდეს მომდევნო რამდენიმე თვეში გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით და კეთილსინდისიერი საერთაშორისო და დამოუკიდებელი ადგილობრივი დამკვირვებლების მონიტორინგით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჭეშმარიტად სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე პროცესი, რომელიც ასახავს ხალხის ნამდვილ ნებას“.

რეზოლუციაში ვკითხულობთ: „ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ არ ცნობს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, რომელიც „ქართული ოცნების“ პარტიამ 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩამოაყალიბა და საქართველოს „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური რეჟიმის მიერ მიტაცებულ სახელმწიფოდ მიიჩნევს“.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ „ერთპარტიული პარლამენტისა და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარების პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს, ვიდრე საქართველოს პოლიტიკური კურსის ხელშესახები ცვლილება არ მოხდება და ახალი თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება“.

რეზოლუცია „მოუწოდებს ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებსა და პარლამენტის წევრებს, თავი შეიკავონ რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრებისგან, ამჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტით დაწყებული; კვლავ აღიარებს სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად“.

გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, „რეზოლუცია ხაზს უსვამს საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის დაუყოვნებლივი და ყოვლისმომცველი აუდიტის საჭიროებას, მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლის და სულ უფრო რეპრესიული პოლიტიკური და საკანონმდებლო გარემოს გათვალისწინებით, რაც წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიული მიღწევებისა და  ევროკავშირის წარმატებული რეფორმების კუთხით რეგრესს, ფუნდამენტურად ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და კიდევ უფრო აძლიერებს ძალაუფლებას მმართველი პარტიის ხელში; ამასთან დაკავშირებით, მოუწოდებს ევროკომისიას, გადახედოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელებას მე-2 მუხლში გათვალისწინებული ზოგადი პრინციპების, კერძოდ, დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის შესახებ საქართველოს ვალდებულებების აშკარა დარღვევის გათვალისწინებით; კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ამ ვალდებულებების შეუსრულებლობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და ასოცირების შეთანხმებით მინიჭებული პრივილეგიების პირობებზე დაფუძნებული შეჩერება“.

რეზოლუცია „მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციების დაწესებისკენ და მოუწოდებს ევროკავშირს სხვა იურისდიქციებთან, კერძოდ, გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობით, გაყინოს მისი ფინანსური აქტივები; გმობს უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების მიერ საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე  პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ საბჭოს გადაწყვეტილებების შეფერხებას; გმობს უნგრეთის მთავრობის ცალმხრივ ქმედებებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციას ისახავს მიზნად“.

დოკუმენტის მიხედვით, „რეზოლუცია მკაცრად გმობს მშვიდობიანი მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობრივ რეპრესიებს, თვითნებურ და პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას საკმარისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და სისტემურ წამებას; მოითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან, პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და გააუქმოს ბოლო დროს მიღებული დრაკონული კანონმდებლობა, რომელიც მიზნად ისახავს სახალხო პროტესტის ჩახშობას, განსაკუთრებით გამოძალვითი ჯარიმების გზით; გამოხატავს განსაკუთრებულ შეშფოთებას პოლიტიკური პატიმრების მზარდი რაოდენობის გამო და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მათგანის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ; მოუწოდებს ძალადობის ყველა აქტის ეფექტურად და სანდოდ გამოძიებისკენ და პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემისკენ; გამოხატავს შეშფოთებას სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის არარსებობის გამო, სადაც „ქართულ ოცნებასთან“ კავშირების მქონე მაღალი რანგის მოსამართლეები ზედამხედველობენ მშვიდობიანი მომიტინგეებისა და მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო პროცესებს“.

სხვა საკითხებთან ერთად, რეზოლუცია ასევე მოიცავს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას.

„ევროპარლამენტი კატეგორიულად იმეორებს მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ, რათა მან საჭირო სამედიცინო მკურნალობა მიიღოს საზღვარგარეთ; ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ანგარიშვალდებული უნდა იყოს ნებისმიერი ზიანისთვის, რომელიც მას მიადგება; გარდა ამისა, მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ ევროპარლამენტის წევრებს მიხეილ სააკაშვილთან შეუფერხებელი წვდომა მიეცეთ“, - აღნიშნულია რეზოლუციაში, რომლის პროექტიც გუშინ გამოქვეყნდა.

8 ივლისს გამოქვეყნებულ რეზოლუციის პროექტში რამდენიმე შესწორება შევიდა. ერთ-ერთი შესწორება ეხება მზია ამაღლობელს. კერძოდ, ამაღლობელთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტში შევიდა შემდეგი შესწორება: „საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, მოეხსნას ყველა ბრალდება და მხედველობის გაუარესების გამო მიეცეს მკურნალობის საშუალება“.

კიდევ ერთი შესწორება ეხება 4 ოქტომბრისთვის დაგეგმილ მუნიციპალურ არჩევნებს. მიღებული შესწორების თანახმად, „ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ 2025 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნები ჩატარდება გაუარესებულ სამართლებრივ გარემოში, რაც გამოწვეულია 2024 წლის დეკემბერში საქართველოს ორგანულ კანონსა და საარჩევნო კოდექსში ახალი ცვლილებების მიღებით, ქართული რეჟიმის მიერ პოლიტიკური რეპრესიებისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნის გაზრდით; მიიჩნევს, რომ ამჟამინდელ პოლიტიკურ და სამართლებრივ პირობებში, მუნიციპალური არჩევნები უზარმაზარ გამოწვევებს წარმოადგენს ნებისმიერი პოტენციური მონაწილისთვის, რომელიც თავისუფალ, სამართლიან კონკურენციას ელის და, გარდა ამისა, ასეთი მონაწილეობა თვითდანიშნული ხელისუფლების მიერ გამოყენებული იქნება ახალი სტატუს კვოს აღიარებად. ევროპარლამენტს მიაჩნია, რომ ეს მომავალი არჩევნები არ წარმოადგენს შესაძლებლობას, ასახოს ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი, თუ არ გათავისუფლდებიან დაპატიმრებული, დაკავებული პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები და არჩევნები არ ჩატარდება გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, რომელსაც ზედამხედველობას გაუწევს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია და დააკვირდებიან კეთილსინდისიერი საერთაშორისო დამკვირვებლები, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნამდვილად სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე პროცესი“.

ამასთან, ევროდეპუტატმა დანილო დელა ვალემ მოითხოვა, რეზოლუციის პროექტიდან ამოღებული ყოფილიყო პუნქტი სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაციის შესახებ, თუმცა ეს შესწორება ვერ გავიდა.

გარდა ამისა, რეზოლუციაში შევიდა ოპოზიციური პარტიების იმ წარმომადგენელთა ჩამონათვალი, რომლებიც დაკავებული არიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში