საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა, რომელიც თბილისში საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმის ფარგლებში იმყოფება.
" შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და აღინიშნა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებებით, ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა.
საუბარი შეეხო რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივ პროექტებს, ასევე - სავაჭრო ბრუნვის ზრდის დადებით ტენდენციას.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, დიალოგისა და თანამშრომლობის გზით მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.
მთავრობის მეთაურმა თურქეთის დელეგაცია აბრეშუმის გზის მე-5 ფორუმზე მოიწვია, რომელიც თბილისში 22-23 ოქტომბერს გაიმართება.
შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ ", - წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.