ქართული ოცნების მერობის კანდიდატების სია ცნობილია

11 აგვისტო 2025, 19:59 258 ნახვა

„ქართულმა ოცნებამ“ რეგიონებში მერობის კანდიდატები დაასახელა, მათ შორის აჭარაშიც.

ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი ცინცაძეა - დღემდე ის აჭარის მთავრობის აპარატის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 

2022-24 წლებში კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური წარმომადგენლობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი იყო.

მანამდე 4 წელი ავსტრიაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში ეუთოში და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობდა უფროს მრჩევლად.

იყო საქართველოს დაზვერვის სამსახურის ოპერატიული დირექტორატის სამმართველოს უფროსი, მანამდე კი კონტრდაზვერვის დეპარტამენტში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას.

ქობულეთის მერობის კანდიდატად კი ირაკლი ცეცხლაძე დასახელდა, რომელიც 3 თვეა მერის მოვალეობას ასრულებს, მანამდე კი ქობულეთის ვიცე-მერი იყო.

ხელვაჩაურის მერობის კანდიდატად მოქმედი მერი ზაზა დიასამიძე დასახელდა, რომელიც ამ თანამდებობას 2021 წლიდან იკავებს.

ქედაში მერობის კანდიდატად აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მამუკა თურმანიძე დასახელდა. იგი იყო აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მანამდე კი საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი.

შუახევში მერობის კანდიდატად მოქმედი მერი დასახელდა, ომარ ტაკიძე მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობას გამარჯვების შემთხევაში მეორედ დაიკავებს. 

ხულოში მერობის კანდიდატად ვახტანგ ბერიძე დასახელდა, რომელიც უკვე იკავებდა ამ თანამდებობას 2021-2024 წლებში. დღემდე კი იგი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატია.

იმის გამო რომ მამუკა თურმანიძე და ვახტანგ ბერიძე უმაღლესის საბჭოს წევრები არიან, მათი გამარჯვების შემთხვევაში, 4 ოქტომბრის შემდეგ მათ ადგილებს აჭარის საკანონმდებლო ორგანოში ქართული ოცნების სიის სხვა დეპუტატები დაიკავებენ.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი