ამ დრომდე რესპუბლიკური საავადმყოფოს ბავშვთა რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება მცირეწლოვანი, რომელსაც გუშინ ბათუმში - ბონის დასახლებაში მატარებელმა ფეხზე გადაუარა. საჭირო გახდა კიდურის ამპუტაცია.
მკურნალი ექიმის ინფორმაციით, ბავშვს უტარდება ყველა საჭირო პროცედურა.
შემთხვევა კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ მოხდა. ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს რკინიგზას, გეგმავს თუ არა უწყება აღნიშნულ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას, თუმცა პასუხს ამ დრომდე ველოდებით.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა სპეციალურად ევალება, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.
აქვე გაგახსენებთ, რომ ბოლო თვეებში მატარებლის ქვეითზე შეჯახების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.