ძლიერ სახელმწიფოს სჭირდება ძლიერი სპეცსამსახურები - მამუკა მდინარაძე

03 სექტემბერი 2025, 12:56 127 ნახვა

ძლიერ სახელმწიფოს სჭირდება ძლიერი სპეცსამსახურები, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველო არის შემდგარი, სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა და შესაბამისად, ძლიერი უსაფრთხოების სამსახურის გარეშე შეუძლებელია ამ ამბიციურ მიზანთან მიახლოებაც კი.

„ძლიერ სახელმწიფოს სჭირდება ძლიერი სპეცსამსახურები. ეს ბუნებრივია. ამაზე ხშირად არ ვლაპარაკობთ ხოლმე, მაგრამ ამ შეთხვევაში, მგონია, ეს იქნება ყველაზე სწორი პასუხი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ, ჩვენმა ქვეყანამ, ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით პრეტენზია განაცხადა იმაზე, რომ საქართველოს სახელმწიფო არის შემდგარი, სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა. შესაბამისად, ძლიერი უსაფრთხოების სამსახურის გარეშე შეუძლებელია ამ ამბიციურ მიზანთან მიახლოებაც კი. ჩვენ რადგან ეს დაბეჯითებით, მკაფიოდ ვთქვით მთელი მსოფლიოს წინაშე, მე ვფიქრობ, რომ ჩემი დავალება გუნდისგან, ხალხისგან იქნება მთავარი და არის ის, რომ ამ ქვეყანას ამ მიზანთან შესატყვისი და შესაბამისი უსაფრთხოების სამსახური ჰყავდეს“, – განაცხადა მდინარაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოკუპაცია და მისი თანმდევი შედეგები, გარე ჩარევები და პროვოკაციის საფრთხეები არის ის, რაც დღეს საქართველოს ყველაზე მეტად აწუხებს.

მისივე თქმით, სუს-ის მოვალეობაა მათ შორის აღნიშნულ საფრთხეებთან გამკლავება.

„ოკუპაცია და მისი თანმდევი შედეგები, გარე ჩარევები და გარე ჩარევებიდან გამომდინარე პროვოკაციის საფრთხეები ქვეყნის შიგნით – ეს არის ორი მთავარი მიმართულება იმ საფრთხეებისა, რაც საქართველოს დღეს აწუხებს ყველაზე მეტად და რასთან გამკლავებაც მათ შორის ქვეყანას და ქვეყანასთან ერთად იმ სამსახურს ევალება, რომლის ხელმძღვანელობაც მე დამავალა საქართველოს პარლამენტმა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე განცხადებით, კორუფცია და მასთან ბრძოლა არის და იქნება განსაკუთრებული პრიორიტეტი.

როგორც მან აღნიშნა, კორუფციას არ აქვს პარტიული კუთვნილება და ინდულგენცია ვერცერთი წარსული თანამდებობა თუ პარტიული კუთვნილება ვერ იქნება ვერავისთვის.

„მე მინდა იცოდეთ ერთი რამ, რომ კორუფციას არ აქვს პარტიული კუთვნილება. ეს იმას ნიშნავს, რომ რომელი პარტიის, ჩვენი თუ სხვა პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა ყოფილიყო წარსულში, კორუფცია და მასთან ბრძოლა არის და იქნება პრიორიტეტი, განსაკუთრებული პრიორიტეტი. ამაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც არაერთხელ გააკეთა განცხადება და ინდულგენცია ვერცერთი წარსული თანამდებობა თუ პარტიული კუთვნილება ვერ იქნება ვერავისთვის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძეს „მშვიდობიან დამხობასთან“ დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებებზე დაუსვეს კითხვა.

მდინარაძის თქმით, მცირე ტურბულენციას შეეცდებიან, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იმისთვის არსებობს, რომ ეს ქვეყანამ თავიდან აიცილოს.

" სიტყვა დამხობა არ შეიძლება მშვიდობიანი იყოს, დამხობა და მშვიდობა ერთმანეთს გამორიცხავს. სიტყვის მნიშვნელობაც უნდა გაითვალისწინონ, როცა ლაპარაკობენ. მე, როგორც იურისტი, ამას ყურადღებას იმდენად არ მივაქცევდი, როგორც ხალხის სხვა განცხადებებს, სადაც უფრო აშკარად შეიძლება იკვეთებოდეს დანაშაულებრივი კვალიფიკაციის ნიშნები. აქედან გამომდინარე, ეს უკვე სამომავლო საქმეა. ამ მიმართულებით კვალიფიკაციებთან დაკავშირებით რაიმე გადაჭარბებულ შეფასებებს არ ვაპირებთ, თუმცა ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, რომ სახელმწიფომ იმუშაოს გამართულად, ვიღაცას არ ჰქონდეს საშუალება, პატარ-პატარა ტურბულენციებით ეროვნული ინტერესები დააზიანოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მან მადლობა გადაუხადა პარლამენტის თითოეულ წევრს.

"მე მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტის თითოეულ წევრს. მართლა ჩემი მეორე ოჯახი არის და იყო. მინდა „ქართული ოცნების“ ყველა წევრს, ყველა წარმომადგენელს - დაწყებული ბატონი ბიძინა ივანიშვილით და დამთავრებული პარტიის რიგითი ჯარისკაცით, ყველას მადლობა გადავუხადო ამ წლებისთვის. ეს მართლა ჩემი მეორე ოჯახი იყო, არის და იქნება. დრო გავა და ალბათ ამ ოჯახში დავბრუნდები, იმიტომ რომ შეუძლებელია ჩემთვის მეორე ოჯახი სხვა იყოს" - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში