ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ თვისებრივად გავაძლიეროთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობით სამსახური ფუნდამენტურად გაძლიერდება, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, მამუკა მდინარაძეს აქვს კონკრეტული გეგმები ყველა მიმართულებით და უახლოესი თვეების განმავლობაში უკვე ნათლად გამოჩნდება ხელშესახები შედეგები.
„მამუკა მდინარაძის დანიშვნა სუს-ის ხელმძღვანელად არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ თვისებრივად გავაძლიეროთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით სამსახური ფუნდამენტურად გაძლიერდება. მას აქვს ძალიან კონკრეტული გეგმები ყველა მიმართულებით და თქვენ თავადაც დარწმუნდებით, რომ ძალიან მალე, უახლოესი თვეების განმავლობაში შედეგები იქნება ხელშესახები - სუს-ი იქნება ბევრად უფრო ძლიერი ვიდრე იყო ერთი და ორი წლის წინ“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა კომენტარი გააკეთეა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ ლევან ხარაბაძის დანიშვნასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ ის არის ღირსეული ადამიანი.
მთავრობის მეთაურის თქმით, ლევან ხარაბაძე იყო გუბერნატორი ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის მხარეში და ის არის ღირსეული ადამიანი.
„ლევან ხარაბაძე არის ღირსეული ადამიანი. ის ყველა სამსახურში ღირსეულად ემსახურებოდა ქვეყანას. ბოლოს ის იყო გუბერნატორი ქვემო ქართლის მხარეში, მანამდე შიდა ქართლის მხარეში. ის არის ძალიან ღირსეული კაცი. რაც შეეხება „ნაცებს“, „ნაცები“ მოიკითხეთ თქვენკენ, ანუ თქვენი ტელევიზიისკენ. ის შეიძლება იყო პოლიციის ხელმძღვანელი და უამრავი ადამიანი ემსახურებოდა პოლიციის სისტემას თავის დროზე, მაგრამ რაც შეეხება „ნაცობას“, „ნაცები“ მოიკითხეთ თქვენკენ. თქვენ მაშინაც ცუდ საქმეებს აკეთებდით და ახლაც ცუდ საქმეებს აკეთებთ. პოლიციაში მაშინაც მუშაობდა 25 000 კაცი. ამ 25 000 კაციდან 20 000 იყო ღირსეული ადამიანი და ლევანი არის ღირსეული კაცი. რაც შეეხება უღირს „ნაცებს“, ისინი წარმოდგენილები არიან ჭარბად თქვენს ტელევიზიაში. ეს არის თქვენს მიერ დამკვიდრებული სისხლიანი სისტემა და თქვენ დღემდე ემსახურებით „ნაცებს“, ამიტომ, „ნაცებზე“ კითხვას ნუ დასვამთ. „ნაცებით“ არის დაკომპლექტებული თქვენი ტელევიზია“, - განუცხადა პრემიერმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტს.