პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

08 სექტემბერი 2025, 14:38 118 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ლეჟბადინში მდებარე ვალუტის გადამცვლელ ორ პუნქტში, საერთო ჯამში 7 ხუთას ევროიანი ყალბი კუპიურა გაასაღეს, რითაც დაზარალებულებს 10 765 ლარის ზიანი მიაყენეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 6 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ (ყალბი ვალუტის შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

ბრალდებულთა მიერ შესაძლო მსგავსი დანაშაულებრივი ფაქტების გამოვლენის მიზნით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი