საქართველოს ენერგეტიკოსის დღესთან დაკავშირებით, 16 გამორჩეულ ენერგეტიკოსს „საქართველოს ენერგეტიკოსის“ საპატიო ჯილდო საზეიმოდ გადაეცათ.
საქართველოს ენერგეტიკოსის დღე 23-ედ აღინიშნა. საზეიმო ღონისძიება, ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა, რომელმაც ენერგეტიკის სექტორის გამოწვევებზე ისაუბრა და დარგის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში ენერგეტიკული სექტორი ძალიან სწრაფად ვითარდება და ხელისუფლებას ამ მიმართულებით ამბიციური მიზნები აქვს.
„დღეს ჩვენ ვართ ენგურჰესზე, რომელიც არის არა მარტო ჩვენი ენერგეტიკული სისტემის, არამედ ჩვენი ქვეყნის სიამაყე და ამ მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტის განვითარებაში, რა თქმა უნდა, უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართველმა ენერგეტიკოსებმა. მათ განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ დღევანდელ დღეს. ზოგადად, ენერგეტიკა ყოველთვის ასახავდა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მდგომარეობას და ქვეყნის განვითარების მდგომარეობას. ყველას გვახსოვს 90-იანი წლების კრიზისი, რომელიც პირდაპირ აისახა ენერგეტიკის მდგომარეობაზე, თუმცა მაშინაც, იმ უმძიმეს წლებსა და პერიოდში ენერგეტიკოსების შრომამ და თავდადებამ მოგვცა იმის საშუალება, რომ ჩვენს ხალხს ეს კრიზისი იმაზე მსუბუქად გამოევლო, ვიდრე შეიძლებოდა ეს მომხდარიყო. ამისათვის ქართველ ენერგეტიკოსებს, მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ქართველი ენერგეტიკოსები ქმნით ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, შეგაქვთ უდიდესი წვლილი ეკონომიკისა და, ზოგადად, ქვეყნის განვითარებაში.
ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ ენერგეტიკული სისტემის განვითარებაში ჩვენს ქვეყანაში. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ეს სექტორი ძალიან სწრაფად ვითარდება. 2012 წლის შემდეგ გაიზარდა ენერგეტიკის გამომუშავება, თვისებრივი ზრდა გვაქვს ამ მიმართულებით, აშენდა ახალი ჰიდროელექტროსადგურები, თბოელექტროსადგურები, მზისა და ქარის სადგურები. სტატისტიკას რაც შეეხება, 2004-2012 წლებში სულ 150 მგვტ შეემატა, დაახლოებით, ენერგეტიკულ სისტემას, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2012 წლის შემდეგ 1000 მგვტ-ს აღემატება. 3 359 მგვტ დადგმული სიმძლავრიდან ეს მაჩვენებელი არის გაზრდილი დაახლოებით 4 600-მდე. ასევ,ე ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური მიზნები შემდეგი წლებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ენერგეტიკის სფეროში განხორციელდა საკადრო ცვლილებები, ენერგეტიკის სექტორში ხარჯების ოპტიმიზაციით შევძელით 370 მლნ ლარზე მეტის დაზოგვა, ეს სახსრები მოხმარდება ეკონომიკის განვითარებას.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, 860 დასახლებაში შევიდა ბუნებრივი აირი, რითაც საქართველოს 100 ათასობით მოქალაქე სარგებლობს.
„2012 წელს გაზიფიკაციის მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით იყო 55% და ეს ძირითადად უკავშირდებოდა საბჭოთა პერიოდში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ბოლო დროის განმავლობაში განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები ენერგეტიკის სისტემაში, რამაც საფუძველი უნდა ჩაუყაროს მნიშვნელოვან რეფორმებს ენერგეტიკის სფეროში, მათ შორის, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები. განხორციელდა ოპტიმიზაცია, როგორც კადრების მიმართულებით, ასევე ზოგადად – ხარჯების ოპტიმიზაცია. წლის ჭრილში, მხოლოდ ენერგეტიკის სექტორში მოქმედი სახელმწიფო საწარმოების ნაწილში ჩვენ შევძელით 370 მლნ ლარზე მეტის დაზოგვა. ბუნებრივია, ეს არის ის სახსრები, რომლებიც ჩაბრუნდება ენერგეტიკის სისტემაში და მოხმარდება ჩვენი ენერგეტიკის სისტემის და ეკონომიკის განვითარებას“, – აღნიშნა პრემიერმა.
ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები, აგრეთვე ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.