ფესტივალი "განდაგანა" გადაიდო

18 სექტემბერი 2025, 14:44 73 ნახვა

20-21 სექტემბრის ნაცვლად  ფესტივალი განდაგანა 22-23 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიების გადადების მიზეზი, უამინდობაა. სოფლის ტურიზმის ფესტივალის ფარგლებში საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე მთიანი აჭარა თავისი კულტურით, კულინარიით, ტრადიციებითა და რეწვის დარგებით იქნება წარმოდგენილი.

მოეწყობა სპეციალური კვების კუთხე, სადაც აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელ კერძებს მოამზადებენ, ჩატარდება მასტერკლასები და კულინარიული შეჯიბრებები. წელს, პირველად ფესტივალზე სტუმრის სტატუსით წარმოდგენილი იქნება სვანური და მეგრული სამზარეულოებიც.

გარდა კულინარიული მასტერკლასებისა, ასევე დაგეგმილია ქარგვის მასტერკლასები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, სადაც 200-მდე ადგილობრივი და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული მეწარმის ხელნაკეთი ნამუშევრები, სოფლის ნობათი და კერძები იქნება წარმოდგენილი.

ფესტივალის სტუმრების განწყობაზე მოწვეული და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და ბენდები იზრუნებენ.

ღონისძიების მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი