ჩინეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების ზრდის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას მართავს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საერთაშორისო მარკეტინგულ კომპანიასთან Dragontrail International თანამშრომლობის ფარგლებში, ჩინეთის 3 უმსხვილეს ქალაქში - პეკინში, შენჟენსა და შანხაიში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაციები და „როუდშოუები“ მიმდინარეობს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ღონისძიებაზე ქართული კერძო სექტორის 20-მდე კომპანიაა წარმოდგენილი. თითოეულ პრეზენტაციას დაახლოებით 4 ათასი სტუმარი ესწრება.
პრეზენტაციებზე ჩინეთის მსხვილი ტურისტული კომპანიები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, საზღვაო და ზამთრის კურორტებს, სათავგადასავლო ტურისტულ მიმართულებებს და სამზარეულოს ეცნობიან.
მასშტაბური კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ჩინელ ტუროპერატორებს ხვდებიან თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ტურების დაგეგმვის მიზნით.