ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი პირველკურსელთა საზეიმო მიღებით გაიხსნა. წელს სასწავლებელი დაარსებიდან 90 წლის იუბილეს აღნიშნავს. პირველკურსელთა 90-ე ნაკადის მიღების ღონისძიება სტუდენტთა დაჯილდოვების ცერემონიით დაიწყო. ერთჯერადი სტიპენდიებით დააჯილდოვეს გრანტის მქონე სტუდენტები.
წელს ბსუ-ში ბაკალავრის საფეხურზე 1632 სტუდენტი ჩაირიცხა, მაგისტრატურაზე კი 216. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პრიორიტეტულ პროგრამებზე 400-მდე პირველკურსელი ისწავლის.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, საბაკალავრო პროგრამების შევსების მაჩვენებელი მაღალია და სტუდენტთა მოთხოვნის მიხედვით, ბსუ საქართველოს უნივერსიტეტების ხუთეულშია.