ჩვენთვის, ყოველ ჯერზე, ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრები, ეს გვაძლევს ერთმანეთთან მოსაზრებების, ინფორმაციის ურთიერთგაზიარების საშუალებას, რაც მთავრობას ეხმარება სამომავლო გადაწყვეტილებების მიღებაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, გასული 4 წელი საქართველოსთვის იყო გამორჩეული ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით და საშუალო წლიურმა ზრდამ 9.4% შეადგინა. საქართველო ყველა მიმართულებით ინარჩუნებს სტაბილურობას და თანმიმდევრულ განვითარებას.
„შარშან გვქონდა ასეთივე შეხვედრა, სადაც ვსაუბრობდით ეკონომიკური განვითარების ტენდენციებზე, ასევე პოლიტიკურ ვითარებაზე და მოხარული ვარ, რომ ერთი წლის თავზე, ყველა მიმართულებით ვინარჩუნებთ როგორც სტაბილურობას, ისე თანმიმდევრულ წინსვლასა და განვითარებას. გასული 4 წელი იყო გამორჩეული ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, საშუალო წლიურმა ზრდამ შეადგინა 9.4% 2021-2024 წლებში, რაც არის ნომერ პირველი მაჩვენებელი მთლიანად ევროპის კონტინენტზე, ფართო რეგიონში. მოხარულები ვართ, რომ წელსაც შევძელით ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. იანვარ-ივლისის მონაცემებით ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8 % რაც ასევე არის ნომერ პირველი მაჩვენებელი კონტინენტსა და ჩვენს ფართო რეგიონში,“- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, EBRD-ის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საქართველო ინარჩუნებს პირველ პოზიციას ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით.
„წლის დასაწყისში იყო უარყოფითი პროგნოზები, შეგნებულად წარმოებდა ნეგატიური კამპანია ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც, პრინციპში, გარკვეული საფუძველი შეუქმნა დეკემბრის მცირე ვარდნამ, პროგნოზირებულთან შედარებით რამდენიმე პროცენტით იკლო ეკონომიკურმა ზრდამ პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე. თუმცა იანვრიდან მოყოლებული შევძელით ძველი ტენდენციების დაბრუნება და წელსაც გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა - 8 %-იანი მაჩვენებელი, რაც არის ნომერ პირველი მაჩვენებელი ევროპასა და ფართო რეგიონში. ასევე, EBRD-ის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საქართველო ინარჩუნებს პირველ პოზიციას ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ჩვენი მთავარი ამოცანაა ამ ტენდენციის შენარჩუნება და ამ კუთხითაც თქვენთან თანამშრომლობას ენიჭება ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩვენ შედარებები გავაკეთეთ წინა შემთხვევაში, მოლდოვას შევადარეთ ჩვენი ეკონომიკური ზრდა. შარშან ითქვა, რომ 8 მლრდ დოლარით გავზარდეთ სხვაობა მოლდოვასთან სამი წლის განმავლობაში, 4 წლის განმავლობაში მოლდოვასთან სხვაობამ ეკონომიკური ზრდის კუთხით შეადგინა 11 მლრდ დოლარზე მეტი. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს აქვს მწყობრი ეკონომიკური პოლიტიკა. გვაქვს კორუფციის მცირე დონე, გამორჩეული ვართ ამ კუთხითაც არამხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის არაერთ ქვეყანას ვუსწრებთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. გვყავს ძლიერი ინსტიტუტები და სწორედ ეს განგვასხვავებს იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც აქვთ ჩვენზე ბევრად დაბალი ეკონომიკური ზრდა,“- განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის განცხადებით, სახელმწიფო საწარმოებში იყო სერიოზული ხარვეზები, გაწეული სამუშაოების შედეგად შევძელით 700 მლნ ლარის დაზოგვა, ამ კუთხით საწარმოებში ყოველწლიურად, სულ მცირე, 60 მლნ ლარი დაიზოგება.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ ტემპის შენარჩუნება არის მთავარი იმისათვის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს ძლიერი პოზიციები და გაუმჯობესდეს მოსახლეობის კეთილდღეობის დონე.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე