ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რეზოლუცია სახელწოდებით: „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ მიიღეს.
კრიტიკულ დოკუმენტს 77 დელეგატიდან მხარი 68-მ დაუჭირა, 7 კი წინააღმდეგ წავიდა. ასამბლეა მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად უგულებელყოფს მის შეშფოთებას და რეკომენდაციებს საქართველოში დემოკრატიული კრიზისის შესახებ, რომლებსაც იზიარებს საერთაშორისო საზოგადოება.
დოკუმენტში ასევე საუბარია საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. ასამბლეა კიდევ ერთხელ გმობს საქართველოში ოპოზიციის წევრების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას.
ასამბლეა მწუხარებას გამოხატავს იმის გამო, რომ არ ჩატარებულა ეფექტური გამოძიება დემონსტრაციების დროს პოლიციის სისასტიკისა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევების შესახებ, ასევე დემონსტრანტების წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს მკვეთრად ეწინააღმდეგება საეჭვო და სავარაუდოდ შეთითხნილი ბრალდებებით მომიტინგეებისთვის გამოტანილ ხანგრძლივ პატიმრობას. ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეცვალოს ქვეყანაში დემოკრატიის რღვევა.
იგი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზადყოფნას, ჩაერთოს ღია და კონსტრუქციულ დიალოგში საქართველოს ხელისუფლებასთან. კრიტიკულ რეზოლუციას კრიტიკითვე პასუხობს ქართული ოცნება.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე