არქეოლოგების ინფორმაციით, არტანუჯის მხარეში, სავარაუდოდ, აშოტ I-ის საფლავი აღმოაჩინეს

09 ოქტომბერი 2025, 11:44 119 ნახვა

ვანის უნივერსიტეტის ლექტორი, არქეოლოგი ოსმან აითექინი აცხადებს, რომ თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ართვინის პროვინციაში მდებარე არტანუჯის ციხის ტერიტორიაზე ქართლის მეფე კურაპალატ აშოტ I-ის საფლავი აღმოაჩინეს.

მისი განცხადებით, მიმდინარე არქეოლოგიური კვლევისას წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის აფსიდის ქვეშ აღმოჩენილია სამარხი, რომელიც, მკვლევართა შეფასებით, შესაძლოა სწორედ ტაო-კლარჯეთის გამორჩეულ მმართველს ეკუთვნოდეს. ამის შესახებ ოსმან აითექინმა ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთი თვის წინ გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე პირველად განაცხადა და ჩვენთან კომენტარში აღნიშნა, რომ დამატებითი კვლევები უნდა ჩატარდეს.

იგივეს აცხადებს ისტორიკოსი როინ მალაყმაძე, თუმცა იგი დარწმუნებულია, რომ არტანუჯის ციხეზე ნაპოვნი სამარხი თაღოვანი სახურავით აშოტ I-ს ეკუთვნის. არქეოლოგიური გათხრებისას  თავად სამარხში ამ ეტაპზე ადამიანის ნეშტი ან სხვა ბიოლოგიური მასალა არ აღმოჩენილა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ქართლის მეფის სამარხის აღმოჩენაზე და ფაქტის დასადასტურებლად დამატებითი კვლევებია საჭირო.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე