4 ოქტომბერი იყო დემოკრატიის ზეიმი, ვინაიდან ჩვენ ვიხილეთ, რომ ამ ყველაფერს წინ უძღოდა მოწოდებები სახელმწიფო გადატრიალებისკენ, ხელისუფლების დამხობისკენ, ვხედავდით მხარდაჭერას გარედან, ირიბს და სამწუხაროდ, ვიხილეთ პირდაპირი მხარდაჭერა გარედან, სახელმწიფო გადატრიალების წინასწარ დაანონსებული შეკრების მიმართაც, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის განცხადებით, დემოკრატიამ გაიმარჯვა და ქართველი ხალხი გავიდა არა ოთხში ოთხ საათზე ქვეყნის გადასატრიალებლად, არამედ გავიდა ოთხში რვა საათიდან საარჩევნო უბნებზე საკუთარი პოლიტიკური ნების დასაფიქსირებულად.
„გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, დამარცხდნენ ისინი, რომლებიც ქვეყნის გადატრიალებას, ამ ქვეყნის 90-იან წლებში დაბრუნებას აპირებდნენ. მათ დადგეს სცენები, რომლებიც 90-იანი წლებიდან გვახსოვს. ერთადერთი სხვაობა იყო, რომ ის კადრები შეიძლება, ბევრს შავ-თეთრ ფერებში ახსოვს და ეს უფრო ახალი კადრები იყო, თუმცა შინაარსი და ბოროტი სულისკვეთება – ზუსტად მსგავსი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დაპირება, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში პირველ ტურში გაიმარჯვებდნენ მერობის კანდიდატები, შესრულდა.
„მათ შორის წალენჯიხაში „ქართულმა ოცნებამ“ დაიბრუნა უმრავლესობა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენი მოსახლეობის სიბრძნეს, სწორედ ხედავს ყველაფერს, აანალიზებს, ერთმანეთისგან არჩევს ცუდს და კარგს, ბოროტსა და კეთილს, იღებს ბრძნულ გადაწყვეტილებებს. პარლამენტის სახელით, მადლობა ქართველ ხალხს, ჩვენს ამომრჩევლებს, რომლებმაც 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ბრძნული ნაბიჯი გადადგეს დემოკრატიულ პროცესში საკუთარი მონაწილეობით. მადლობა ქართველ ხალხს ამგვარი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე