პლასტიკის ბოთლებში ჩამოსხმული სასმელის რეალიზაციის ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ახალი ინიციატივის ფარგლებში, იგეგმება საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის და სტუმარ-მასპინძლობის სექტორისთვის სასმელის პლასტმასის ბოთლებით შესყიდვის აკრძალვა, რაც პლასტიკის მოხმარების შემცირებას ემსახურება.
საკითხის განხილვის ფარგლებში ყურადღება ახალ რეგულაციაზე გადასვლის ვადებზე გამახვილდა. აღსანიშნავია, რომ პლასტმასის ჭარბი მოხმარება დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით გამოწვევას წარმოადგენს.
საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგებით, ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 612,5 მილიონ ერთეულ ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის საყოფაცხოვრებო ნაწარმს მოიხმარს, რაც 3.9 - 5.9 ათას ტონას შეადგენს.
საერთაშორისო კვლევებით სურსათთან შემხებლობაში მყოფი ერთჯერადი გამოყენების პლასტიკი ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და აბინძურებს გარემოს, რომელიც თავისთავად საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე