ყულევის ნავსადგურში შემოსულ პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

21 ოქტომბერი 2025, 21:17 237 ნახვა

საქართველოს ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საჭიროდ თვლის  განცხადება გააკეთოს ყულევის ნავსადგურში შემოსულ პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემთან და ტვირთთან დაკავშირებით.

მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, ყულევის  საზღვაო ნავსადგურში რუსეთის ფედერაციის პორტიდან შემოვიდა პანამის დროშის ქვეშ მცურავი თბომავალი " KAYSERI“, რომელზეც დატვირთული იყო ერთ-ერთი რუსული კომპანიიდან  (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცევისთვის განკუთვნილი 10 000 ათას ტონამდე ნედლი ნავთობი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და  შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად, დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთის გამომგზავნ და მიმღებ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები (ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით). აღნიშნულიდან გამომდინარე, შემდგომი საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით ტვირთი ჩამოიცალა დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში. 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას",- ნათქვამია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე