აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ორგანიზაციის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს, გრემ კუკს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს აჭარის ტურისტულ პოტენციალზე, ტურიზმის სექტორში მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ასევე, განიხილეს მსოფლიო ტურისტულ რუკაზე რეგიონის კიდევ უფრო წარმოჩენის შესაძლებლობები.
სულხან თამაზაშვილმა მადლობა გადაუხადა გრემ კუკს ბათუმის პოპულარიზაციისა და რეგიონში ტურიზმის განვითარების მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ აჭარაში მიმდინარეობს არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, რაც აძლიერებს აჭარის პოზიციებს როგორც ტურისტული, ასევე, საინვესტიციო მიმართულებით.
ოფიციალურ შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ცინცაძე.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე